კახეთში ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელიან

კახელი გლეხების თქმით, წლევანდელ უხვმოსავლიანობას ამინდმა შეუწყო ხელი.

"წელს კარგ მოსავალს ველოდებით. მთავარია ფასი ჰქონდეს შესაბამისი, რომ მოგება ვნახოთ და ჩვენი შრომა წყალში არ ჩაიყაროს. 1ჰა-ზე ვენახის მოვლა 1200 ლარამდე ჯდება. ძალიან მაღალი ფასი აქვს შხამქიმიკატებს, ვენახი შეწამვლას 4-5 ჯერ საჭიროებს. თუ ყურძენს ფასი არ ექნება, ხარჯების დაფარვაც კი გაგვიჭირდება," - აცხადებენ კახელი გლეხები.

ღვინის ექსპორტის შემცირება სავარაუდოდ, მის შესყიდვასა და ფასზე გავლენას მოახდენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს მსოფლიოს 46 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 59 მილიონი ბოთლი შეადგინა, რამაც 26%-ით გადააჭარბა 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამავე წელს სულ 46,7 მილიონი ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული. წელს საქართველოდან მსოფლიოს 33 ქვეყანაში 13 706 653 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.

"ფასს ბაზარი ადგენს, გამომდინარე იქიდან რომ ექსპორტი შემცირებულია, ამან შესაძლოა ყურძნის ფასზე მოახდინოს გავლენა და შარშანდელთან შედარებით ფასმა დაიკლოს. რთველი ჯერ კიდევ წინ არის, მაგრამ თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ყურძნის ფასი სავარაუდოდ, შემცირდება. მართალია, ივნისში ღვინის ექსპორტი გაიზარდა, თუმცა შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდს 25%-ით ჩამორჩა. ამ დროისთვის პერსპექტიულ ბაზრებად აშშ, ჩინეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და იაპონია განიხილება", - განუცხადა bpn-ს ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ციცია მამულაშვილმა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ექსპორტის კლებას ქართული ღვინის ორ ბაზარზე - რუსეთსა და უკრაინაში მოთხოვნის შემცირებით ხსნიან. ამის ფონზე სხვა ქვეყნებში ექსპორტი იზრდება, თუმცა ქართული ღვინის მთავარ ბაზრად ისევ რუსეთი რჩება, სადაც ეკონომიკური კრიზისის გამო ალკოჰოლური სასმელების მოხმარება შემცირებულია. ყველაზე დიდი რაოდენობით კი ექსპორტირებულია "ქინძმარაული", "მუკუზანი" და "წინანდალი".

თიკო გურაშვილი