ავსტრიული კომპანიები საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩაერთვებიან

ავსტრიული კომპანიები საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩაერთვებიან, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი ავსტრიის ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამინისტროსა და ავსტრიული ინფრასტრუქტურული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე სტუმრებს სამინისტროს მიერ დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნეს. ავსტრიელებმა ქართველ კოლეგებს საკუთარი საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ისაუბრეს თავიანთი გამოცდილების შესახებ წყალმომარაგების, მყარი ნარჩენების მართვის სფეროში და საქართველოში დაგეგმილ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

"აღნიშნული შეხვედრა იმ მემორანდუმის საფუძველზე შედგა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ავსტრიის ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ფედერალურ სამინისტროს შორის, ავსტრიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ნარჩენების მართვის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების ტექნოლოგიების მიმართულებით. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს", - ნათქვამია განცხადებაში.