სოხუმში ქართული პროდუქტი 300%-ით ძვირად იყიდება

აფხაზეთში ქართული პროდუქტი ძალიან ძვირად იყიდება. გალში ფასთა შორის სხვაობა 100%-ის ფარგლებშია, მაგრამ სხვა ქალაქებში მკვეთრად მატულობს. რეგიონში ყველაზე მაღალი ფასი სოხუმშია. იქ ზუგდიდიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან შეტანილი სურსათ-სანოვაგე 300%-ით ძვირი ღირს.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, გალის რაიონში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ზუგდიდიდან შეაქვთ. რაც შეეხება ნახევარფაბრიკატებსა და ტკბილეულს, იმპორტი ძირითადად რუსეთიდან ხორციელდება. რუსული ნაწარმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შედარებით იაფია, ვიდრე ქართული წარმოების ანალოგიური პროდუქტი. სარეალიზაციო პროდუქციის შესაძენად ენგურს, ქართველებთან ერთად, აფხაზებიც უპრობლემოდ კვეთენ. ამისთვის აუცილებელია პირადი საბუთების წესრიგში ქონა და "მცირე ჯამაგირიც" სეპარატისტი და რუსი მესაზღვრეებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზებს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების პრობლემა არ აქვთ, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთი საქმიანობის მიჩქმალვას. სავაჭროდ სიარულს აფხაზები საქართველოს დედაქალაქშიც არ ერიდებიან. მათ კარგად იციან ლილოს ბაზრობის გზაც, საიდანაც გასაყიდად მიაქვთ ტანსაცმელი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ისინი, ძირითადად, სარკინიგზო მომსახურებით სარგებლობენ და თბილისში, ქართველ მოვაჭრეებთან ერთად ჩამოდიან.

მართალია, სურსათის დეფიციტი არ შეიმჩნევა, მაგრამ მისი შეძენა ხალხს უკვე ძალიან უჭირს. ადგილობრივების ინფორმაციით, სოხუმის სამომხმარებლო ბაზარში საქართველოდან შეტანილი, 1 კგ ვაშლის ფასი 5 ლარს აღწევს, 1 კგ კარტოფილი 2-2,50 ლარი ღირს, ამავე მოცულობის პომიდვრის ფასი 3 ლარია, 2 ლარი ღირს კიტრი, ხოლო ბულგარული წიწაკა 6-8 ლარად ფასობს. 3-4 ლარამდეა ბადრიჯანი, ხოლო 1 კგ საზამთრო 1,5 ლარზე იაფად არ იყიდება.

შედარებით ნაკლები ფასია გალში, სადაც ყველაზე ძვირი ხილი ღირს. რაც შეეხება ბოსტნეულს, 1 კგ კარტოფილის ყიდვა ადგილზე 1,50 ლარადაც არის შესაძლებელი, როცა სოხუმში 1 ლარით ძვირია. ბადრიჯანი 2 ლარად იყიდება, ხოლო ბულგარული წიწაკის ფასი 5-6 ლარია. ბოსტნეულიდან ყველაზე იაფი ამ პერიოდში კიტრი და პომიდორია, რადგან ადგილობრივ მოსახლეობაში მარაგი ჯერჯერობით არის და მათ მიმართ მოთხოვნა არც ისე დიდია. გალელებს, როგორც თავად ამბობენ, ყველაზე მეტად შაქრის ყიდვა უჭირთ, რადგან 1 კგ ადგილზე 2,50 ლარზე ნაკლები არ ღირს. რაც შეეხება პურის ფქვილს, იგი ზუგდიდიდან შემოდის და თითო ტომარაში 5-7 ლარით მეტს იხდიან.

ის, რომ სოხუმში ზუგდიდელი მოვაჭრეებიც საქმიანობენ, ადრეც იყო ცნობილი. ანალოგიური მიზნით, აფხაზეთში თბილისში მცხოვრები დევნილებიც ჩადიან. თბილისში დროებით მცხოვრები სოხუმელი ია ციკოლია არ მალავს, რომ აფხაზი და ქართველი ნაცნობების დახმარებით სოხუმში სურსათით ვაჭრობს. "წელიწადის თითქმის ნახევარს სოხუმში ვატარებ, ხშირად დავდივარ. თავდაპირველად შეკვეთას ვიღებდი. დაახლოებით 7-8 წლის წინათ მიმოსვლა არ იყო ასეთი აქტიური და ყველა ვერ ბედავდა სოხუმში ჩასვლას. ვერც აფხაზები გადმოდიოდნენ. იმ დროს შეკვეთა მქონდა როგორც ტანსაცმელზე, ასევე წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, რომელსაც ლილოში ვიძენდი. ეს ბიზნესი ბოლო დროს ბევრმა წამოიწყო და ნაკლებად მომგებიანი გახდა. ამიტომ სურსათით ვაჭრობა გადავწყვიტე. ზუგდიდში ვყიდულობ და გალში მიმაქვს. იქიდან კი ტვირთის გადატანაში ადგილობრივები მეხმარებიან. სოხუმში ყველაფერი ძვირი ღირს. მიკვირს, როგორ უძლებს იქაური მოსახლეობა", - ამბობს ია ციკოლია.

გალის რაიონში მცხორვები ვაჟა გ. სურსათსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას ზუგდიდში ყიდულობს და გასაყიდად სოხუმში მიაქვს. ამბობს, რომ გალიდან ცენტრის მიმართულებით ადგილობრივი ტრანსპორტით კვირაში ორჯერ მაინც მიემგზავრება. "გზა 200 რუბლი ღირს. ორი ამდენი ტვირთის ტრანსპორტირებაში მეხარჯება. სოხუმში იმდენად კარგად იყიდება, რომ ხარჯის გაწევა მიღირს. ვისაც გავლენიანი ნაცნობი ჰყავს, ხილ-ბოსტნეული რუსეთში ფსოუს გავლითაც გააქვს. ხშირ შემთხვევაში პროდუქტსა და სხვა სავაჭრო ნივთს აფხაზები მიკვეთავენ. ბევრჯერ ავეჯიც კი შემიტანია. ადგილზე რუსული ნაწარმიც იყიდება, მაგრამ უპირატესობას საქართველოდან შეტანილ საქონელს აძლევენ. შეიძლება იმიტომაც, რომ ბოლო დროს რუსული ნაწარმიც ძვირია", - ამბობს ახალგაზრდა გალელი მამაკაცი.

აფხაზეთში შექმნილმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ რეგიონის ეკონომიკურ პროცესებზე იმოქმედა. უკიდურესად გამკაცრდა მიმოსვლა, რამაც ტვირთის გადატანის საფასურზეც იმოქმედა. ცალკე დაძაბულობამ, ცალკე გადაადგილების სიძნელემ ქართული პროდუქტი ერთბაშად გააძვირა. საფასო ცვლილება განსაკუთრებით რთულია მიმდინარე სეზონზე, როდესაც რაიონში ძველი თხილის მარაგი მთლიანად ამოწურულია, ხოლო ახალ თხილს, სიიაფის გამო, ვერ ყიდიან.

მოვაჭრეებს, რომლებსაც საბუთები წესრიგში აქვთ, მიმოსვლა არ ეზღუდებათ, მაგრამ ტვირთზე დაწესებული მაღალი გადასახადის გამო პროდუქტის ადგილზე გაყიდვა ძვირად უწევთ. მოსახლეობის დიდ უმრავლესობას არც აფხაზური პასპორტი აქვს, არც პირადობის სხვა საბუთი, რის გამოც ტერიტორიიდან ვერ გადის და იძულებულია, სამმაგად გაძვირებული საკვები იყიდოს.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"