ივნისის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა გაიზარდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის ივნისის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, 7.3%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 49 138 ერთეული შეადგინა.

2011-2014 წლის ივნისის თვესთან შედარებით, ზრდით გამოირჩევა მიმდინარე წლის ივნისის მონაცემები.

"2011 წლის ივნისთან (42 318 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით, სარეგისტრაციო ტრანზაქციის რაოდენობა 16.1%-ით გაიზარდა, 2012 წლის ივნისთან (47 407 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) - 3.7%-ით, 2013 წლის ივნისთან (41 881 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) - 17.3%-ით, ხოლო 2014 წლის ივნისთან (45 802 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით 7.3%-ით", - ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 17.4%-ით გაიზარდა და ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (27.7%-ით), ისე მეორადი (15.0%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.

2015 წლის ივნისის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი დაფიქსირდა 1.168 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.089). წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (15.8%-ით), ისე მეორადი (5.3%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2015 წლის ივნისის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 10 021, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 39 117 ერთეული შეადგინა.