„ქართული კომპანიები ხშირად ევროპაში არიან რეგისტრირებულები - ეს მსხვილ ბიზნესზე დასავლური სანქციების გავლენას ზრდის“ -TI

„დასავლური სანქციების მსხვილ ბიზნესზე გავლენას ზრდის“, - ამის შესახებ აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მომზადებულ ანგარიშში, სადაც განხილულია, როგორ აისახა სანქციებისა და კრიზისის გავლენა ეკონომიკაზე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსხვილ ბიზნესზე გავლენა სანქციების პირობებში იზრდება, იქიდან გამომდინარე, რომ ქართული მსხვილი ბიზნესების დიდი ნაწილი სხვადასხვა დასავლურ ქვეყანაშია რეგისტრირებული.

„საქართველოს პატარა (33 მილიარდი დოლარის), ღია ეკონომიკა აქვს. ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში საქართველო 26-ე ადგილზეა, რაც ეკონომიკის მაღალი დონით გახსნილობის დასტურია. მოკლედ წარმოგიდგენთ არგუმენტებს, რის გამოც დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება და ევროკავშირისგან საქართველოს დაცილება უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე:

„ეკონომიკის დასავლეთზე დამოკიდებულება“

საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები საკმაოდ დივერსიფიცირებულია, მაგრამ ყველაზე მაღალი დამოკიდებულება დასავლეთის ქვეყნებთან აქვს. 2023 წელს, ევროკავშირიდან, აშშ-დან და გაერთიანებული სამეფოდან სხვადასხვა გზით მიღებული ფინანსური რესურსები საქართველოს ეკონომიკის 30%-მდე იყო.

„საბანკო ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოურ ვალუტაშია“

საქართველოს საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების 54% და გაცემული სესხების 43% უცხოურ ვალუტაშია (აშშ დოლარი ან ევრო). უძრავი ქონების ბაზარი დოლარში ან ევროში მუშაობს. სახელმწიფო ვალის 75% უცხოურ ვალუტაშია. სახელმწიფო ბიუჯეტი დეფიციტურია. დეფიციტის 53% დასავლეთის ქვეყნების მთავრობებიდან და დასავლური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან (WB, EBRD, ADB, EIB და ა.შ.) სესხების აღებით იფარება. საქონლის და მომსახურების იმპორტი საქართველოს მშპ-ის 58%-ია. საგარეო ვაჭრობის დეფიციტი 10 მილიარდი დოლარია, რომელიც ტურიზმით, ემიგრანტების ფულადი გზავნილებით, ინვესტიციებით და სესხებით ბალანსდება. აღნიშნული წყაროებიდან მიღებული თანხის უმეტესობა დასავლურ ქვეყნებზე მოდის. ეს რეალობა ქმნის საქართველოს ეკონომიკის ისეთ სპეციფიკას, რაც მას დასავლური სანქციების მიმართ მოწყვლადს ხდის.

„ხშირად ქართული კომპანიების რეგისტრაციის ადგილი ევროპაა“

საქართველო ეკონომიკური ურთიერთობებით მჭიდროდ არის დაკავშირებული დასავლეთის ქვეყნებთან, ხშირად, ქართული მსხვილი ბიზნესიც რეგისტრაციის ადგილად სხვადასხვა დასავლურ ქვეყნებს ირჩევს. ყველაზე აქტუალური გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, მალტა და დასავლური ქვეყნების იურისდიქციაში მყოფი სხვადასხვა ოფშორული ტერიტორიებია. ეს გარემოება დასავლური სანქციების მსხვილ ბიზნესზე გავლენას ზრდის“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

მერი ტაბატაძე