აზერბაიჯანმა “რუსული სახლი” შპიონაჟის ბრალდებით ქვეყნიდან გააძევა

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რუსულ მხარეს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა ქვეყანაში ფედერალური სააგენტო “როსსოტრუდნიჩესტვოს” საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.

ინფორმაციას Report ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, აზერბაიჯანი ეროვნული ინტერესების დაცვის თანმიმდევრულ კურსს განაგრძობს და საშინაო საქმეებში გარე ჩარევას არ მოითმენს.

„ჩვენი ქვეყანა თავად გახდა დონორი და არ სჭირდება გარე დახმარება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი დახმარება გაუმჭვირვალე სქემებს ეფუძნება, ხოლო ორგანიზაციის სტრუქტურა აშკარა სადაზვერვო ხასიათს ატარებს,“ - განმარტავენ Report-ის წყაროები.

მანამდე, რამდენიმე დღით ადრე აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა ბაქოში „რუსული სახლის“ შენობა კონტროლზე აიყვანეს, რომელიც “როსსოტრუდნიჩესტვოს” შტაბ-ბინაა. როგორც გაირკვა, ორგანიზაციას აზერბაიჯანში საჭირო რეგისტრაცია არ გააჩნდა. ამჟამად დგინდება, თუ რატომ მიეცა “რუსულ სახლს” რეგისტრაციის გარეშე მუშაობის უფლება.

ცნობისთვის: “როსსოტრუდნიჩესტვო” ოფიციალურად 2008 წელს დსთ-ისა და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებისთვის, საზღვარგარეთ თანამემამულეების მხარდასაჭერად და ჰუმანიტარული თანამშრომლობისთვის შეიქმნა. სააგენტოს ერთ-ერთი ამოცანა „თანამედროვე რუსეთზე ობიექტური შეხედულების საზღვარგარეთ გავრცელების ხელშეწყობაა.“ “როსსოტრუდნიჩესტვო” მსოფლიოს 80 ქვეყანაში არის წარმოდგენილი. ის უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტს ექვემდებარება. სააგენტოს ევგენი პრიმაკოვი ხელმძღვანელობს, რომელიც სსრკ-ის დაზვერვის ცენტრალური სამსახურისა და შემდგომში ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი დირექტორის, ასევე, რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრ ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილია.

2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ “როსსოტრუდნიჩესტვო” ევროკავშირმა დაასანქცირა. შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილებაში წერია, რომ სააგენტო “მთავარი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც კრემლის რბილ ძალასა და ჰიბრიდულ გავლენას აპროექტებს, მთ შორის, “რუსული სამყაროს” (“Русский мир”-ის) კონცეფციას ავითარებს.” კერძოდ, ევროკავშირის ცნობით, “როსსოტრუდნიჩესტვო” მრავალი წლის განმავლობაში რუსი თანამემამულეებისა და გავლენის აგენტების ქსელისთვის ქოლგა-ორგანიზაციას წარმოადგენდა. სააგენტო, ასევე, აფინანსებდა „სახალხო დიპლომატიისა და სხვადასხვა პროპაგანდისტულ პროექტებს, პრორუსი მოთამაშეების საქმიანობის კონსოლიდაციას ახდენდა და კრემლის ნარატივებს, განსაკუთრებით, ისტორიულ რევიზიონიზმს ავრცელებდა.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ