ENPARD და "მერსი ქორფსი" კოოპერატივებისთვის ბიზნესის განვითარების პროგრამას იწყებენ

ENPARD და მისი პარტნიორი ორგანიზაცია "მერსი ქორფსი" კოოპერატივებისთვის ბიზნესის განვითარების პროგრამას იწყებს.

ENPARD-ის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებისთვის ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას ითვალისწინებს.  "აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას, რომ მათ განავითარონ და გააფართოვონ თავიანთი ბიზნესი ტრეინინგების, ცნობიერების ამაღლებისა და საინვესტიციო მხარდაჭერის გზით. პროექტით სარგებლობა შეეძლებათ იმ რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც ფუნქციონირებენ პროგრამის სამიზნე მუნიციპალიტეტებში, კერძოდ, საჩხერეში, ჭიათურაში, ვანში, სამტრედიაში, ქარელში, ხაშურში, კასპში, გორში, საგარეჯოში, გურჯაანში, ყვარელში, მარნეულში, გარდაბანში, თეთრიწყაროში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ბიზნესის მხარდასაჭერ პროექტში მონაწილეობის მისაღებად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს უნდა გააჩნდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი, უნდა ფუნქიონირებდეს ზემოთაღნიშნულ ერთ ან რამდენიმე მუნიციპალიტეტში და უნდა ჰქონდეს მინიმუმ 15% თანხობრივი (ნაღდი ფულით) და 15% არათანხობრივი თანამონაწილეობის შესაძლებლობა ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში.  "პროექტის საინვესტიციო ფონდი 15 000 ევროს შეადგენს და ის გადანაწილდება კონკურსში გამარჯვებულ კოოპერატივებზე. აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობა არ იძლევა ფინანსური მხარდაჭერის გარანტიას", - ნათქვამია განცხადებაში.

ელექტრონული სააპლიკაციო ფორმები ხელმისაწვდომია "მერსი ქორფსის" ვებგვერდზე - www.mercycorps.ge. შევსებული სააპლიკაციო ფორმის ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 1 სექტემბერი. სააპლიკაციო ფორმა უნდა გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე - enpard@mercycorps.ge, რომელსაც თან უნდა დაერთოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის დამადასტურებელი სერთიფიკატის დასკანერებული ვერსია.

საინფორმაციო შეხვედრები კოოპერატივებთან 22 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით გაიმართება, კერძოდ, 22 ივლისი - საგარეჯო და გურჯაანი; 22 ივლისი - გორი და კასპი; 23 ივლისი - ყვარელი; 23 ივლისი - ხაშური და ქარელი; 24 ივლისი - მარნეული და გარდაბანი; 27 ივლისი - თეთრიწყარო; 27 ივლისი - საჩხერე და ჭიათურა; 28 ივლისი - ვანი და სამტრედია; 28 ივლისი - ნინოწმინდა და ახალქალაქი.

პროგრამა ხორციელდება "ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში" პროგრამის ფარგლებში და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ "ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის" (ENPARD) პროგრამის ფარგლებში.