"მაღალმთიანი რეგიონების განვითარების" შესახებ კანონი 2016 წელს ამოქმედდება

"მაღალმთიანი რეგიონების განვითარების" შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო, სრულად 2016 წელს ამოქმედდება.

როგორც დღეს, პარამენტში გამართულ ბრიფინგზე თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, პრემიერთან შეთანხმების საფუძველზე კანონპროექტში ჩაწერილი ყველა სოციალური შეღავათი მომავალი წლიდან ამოქმედდება.  "2016 წლიდან დაიწყება მთის აღორძინება საქართველოში. გუშინ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან. 2 საათიან თათბირზე ღარიბაშვილმა მხარდაჭერა გამოგვიცხადა და კანონის ამოქმედება 2016 წლიდან დაიწყება. ძალაში შევა ყველა საგადასახადო შეღავათიც, რომელიც კანონპროექტით იყო გათვალისწინებული", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა ბრიფინგზე.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის გათვალისწინებით, მთავრობას მაღალმთიანი რეგიონებისთვის დაგეგმილი სოციალური და საგადასახადო შეღავათების პერიოდულად ამოქმედება ჰქონდა დაგეგმილი, რაც 2016 წლიდან უნდა დაწყებულიყო, ხოლო კანონი სრულად 2018 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. მთავრობის მიერ განსაზღვრული ვადები მიუღებელი აღმოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობისთვის. მათ შეღავათების 2016 წლისთვის ამოქმედება მოითხოვეს და კანონპროექტი მეორე მოსმენით იმ მუხლის გარეშე მიიღეს, რომელიც კანონის ამოქმედების წესებს შეეხებოდა.