ტურიზმის მიმართულებით საქართველოში პროფესიული სასწავლებლების დაფუძნება იგეგმება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ტრანსპორტისა და ინოვაციების ფედერალური სამინისტროს დელეგაცია და ავსტრიის კერძო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ავსტრიელ სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე შეხვდნენ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  ამ შემადგენლობით დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა უკვე მეორედ გაიმართა და შეხვედრები ავსტრიელების დახმარებით, ტურიზმის მიმართულებით საქართველოში პროფესიული სასწავლებლების დაფუძნებას უკავშირდება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეს იქნება ერთგვარი ტრენინგ-ცენტრები, სადაც პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისა და მასწავლებლების მომზადება/გადამზადება მოხდება.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ტურიზმში ავსტრიის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, აღნიშნული პროექტის განხორციელება ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია და იგი ტურიზმის აღორძინებას შეუწყობს ხელს.