გიორგი ქადაგიძე: ჩვენ გვაქვს უფრო დიდი და მდიდარი სახელმწიფო აპარატი და ბიუროკრატია, ვიდრე ეკონომიკას შეუძლია აიტანოს

ჩვენ გვაქვს უფრო დიდი და მდიდარი სახელმწიფო აპარატი და ბიუროკრატია, ვიდრე ჩვენს ეკონომიკას შეუძლია აიტანოს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

სებ-ის პრეზიდენტმა 2015 წლის კორექტირებულ ბიუჯეტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის დასკვნა კიდევ ერთხელ განმარტა. "ბიუჯეტთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია შემდეგია - ზოგადად, ჩვენ მივესალმებით ბიუჯეტის კორექტირებას, ამაზე ჩვენ ჯერ კიდევ იანვარში ვსაუბრობდით, რომ საჭიროა ბიუჯეტის კორექტირება, წარმოდგენილი ცვლილებები, ჩვენი აზრით, საკმარისი არ არის. ის არ ასახავს იმ გამოწვევებსა და რეალობას, რაც ქვეყანაშია. ჩვენი რეკომენდაცია არის მიმდინარე და ბიუროკრატიის ხარჯების უფრო მეტად შემცირება, რაც დაეხმარება როგორც ზოგადად, ეკონომიკურ ზრდას, ასევე, რა თქმა უნდა, ლარის გაცვლით კურსს. უფრო მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, დღეს ჩვენ გვაქვს უფრო დიდი და მდიდარი სახელმწიფო აპარატი და ბიუროკრატია, ვიდრე ჩვენს ეკონომიკას შეუძლია ეს აიტანოს და ეს, რა თქმა უნდა, აისახება ყველა პარამეტრზე, ამიტომ ჩვენი მთავარი რჩევა, რომელიც ბიუჯეტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის დასკვნაშია, არის ის, რომ შემცირდეს მიმდინარე და ბიუროკრატიის აპარატის შენახვის ხარჯები", - განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი საგარეო შოკის პირობებში იმყოფება, წლიურად ქვეყანაში შემოვა მილიარდი დოლარით უფრო ნაკლები, ვიდრე წინა წელს შემოდიოდა, "ამიტომ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, მათ შორის, პირველ რიგში, ბიუჯეტი უნდა ასახავდეს ამ ახალ რეალობას".  "ეს არის მთავარი ჩვენი საზრუნავი იქამადე, ვიდრე არ მოვახერხებთ იმ ფუნდამენტური ფაქტორების აღმოფხვრას და შემომავალი ფულადი ნაკადების გაზრდას, როგორიცაა ექსპორტი, ტურიზმი, გზავნილები", - განაცხადა ქადაგიძემ.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, მაღალი დოლარიზაციიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ლარის კურსის სტაბილურობის საკითხი, ვინაიდან მოსახლეობის დიდ ნაწილს სესხები აქვს დოლარში, მათ სესხის მომსახურების ტვირთი მნიშვნელოვნად გაუძვირდათ და ეს რა თქმა უნდა, ასახვას ჰპოვებს ასევე სხვა მაკროეკონომიკურ პარამენტრებში. "თუ ჩვენ გვინდა, რომ დადებითი გავლენა მოვახდინოთ ლარის კურსზე, მაშინ როდესაც სხვა შემომავალი ნაკადები მცირდება, მაშინ მთავარი დოკუმენტი და ამის მთავარი იარაღი არის ფისკალური პოლიტიკა, ანუ ბიუჯეტი. დღევანდელი ბიუჯეტი ამას არ ითვალისწინებს", - განაცხადა ქადაგიძემ.