რუსეთი აფხაზეთს ხელფასების თანხას და ელექტროენერგიის დამატებით ნაკადს მიაწვდის

რუსეთმა აფხაზეთს „საბიუჯეტო,“ ანუ ექიმების, მასწავლებლებისა და სამართალდამცავების ხელფასების გადასახდელად 343 მლნ რუბლი (3.5 მლნ დოლარი) გამოუყო. ამის შესახებ ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რასაც უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ამასთან, დე ფაქტო ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, რუსული „ინტერ-რაო“ აფხაზეთს 830 მლნ რუბლის მოცულობის 182 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის დამატებით კომერციული ნაკადს მიაწვდის. ეს რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის 2024 წელს გამოყოფილი ფინანსური დახმარებიდან არმიღებული სახსრების ფარგლებში მოხდება.

182 მლნ კვტ/სთ აფხაზეთის მომარაგებისთვის 10 მარტამდე იქნება საკმარისი. რაც შეეხება ენგურჰესს, დე ფაქტო სამინისტროს ცნობით, კაშხალში წყლის შედინება ისევ კრიტიკულია და სადგური საჭირო რაოდენობის ელექტროენერგიას ვერ გამოიმუშავებს.

ცნობისთვის: აფხაზეთი რუსეთისგან ელექტროენერგიას 1 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით ყიდულობდა, რისთვისაც დე ფაქტო ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 600 მლნ რუბლი (6,2 მლნ დოლარი) დახარჯა. 23 დეკემბრიდან რუსეთმა ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება განაახლა, რომელიც 13-15 თებერვლამდე გაგრძელდება. ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, 8 იანვრიდან აფხაზეთში ექვსსაათიანი მოძრავი გრაფიკი მოქმედებს, რაც 7 თებერვალს 00:00 საათიდან დატვირთვის გადასამოწმებლად დროებით გაუქმდა. დე ფაქტო ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, გრაფიკი შესაძლოა, მცირე, ანუ ორსაათიანი გათიშვების სახით აღდგეს, რომ რუსეთიდან მიღებული მოცულობის ოპტიმიზაცია მოხდეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ