სწრაფად მზარდი იზოლაცია - რუსეთში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 15-წლიან მინიმუმამდე დაეცა

რუსეთში უცხოური ინვესტიციების მოცულობა სწრაფად იკლებს, რაც, 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ბოლო 15 წლის პერიოდის მინიმუმამდე დაეცა.

ამის შესახებ ფედერაციის ცენტრალური ბანკის სტატისტიკურ მონაცემებში წერია, რასაც The Moscow Times ავრცელებს.

მარეგულირებლის მონაცემებით, გასული წლის პირველ სამ კვარტალში უცხოელმა ინვესტორებმა რუსეთის ეკონომიკის რეალური სექტორიდან კიდევ 44 მლრდ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია ამოიღეს, ხოლო მათი მთლიანი მოცულობა 235 მლრდ დოლარამდე შემცირდა.

უკრაინის ომის პირველ, ანუ 2022 წელს რუსეთმა 138 მლრდ დოლარის, ხოლო 2023 წელს 80 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაკარგა. შედეგად, სამი წლის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფონდი განახევრდა და 262 მლრდ დოლარამდე შემცირდა, მაშინ, როცა უკრაინაში შეჭრამდე, თითქმის, 500 მლრდ დოლარს შეადგენდა.

ამასთან, ომამდე რუსეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამ-მეოთხედს „არამეგობრულ“ სიაში შემავალი ქვეყნები უზრუნველყოფდნენ, რომელთა ინვესტიციები სანქციებისა და კონტრსანქციების შემოღების შემდეგ შეწყდა. კერძოდ, “არამეგობარ” ქვეყნებს ყველა ძირითადი ფონდის 20%-ის ტოლი ოდენობის თანხა ჰქონდათ ჩადებული წიაღისეულის მოპოვებასა და გადამამუშავებელ მრეწველობაში, რაც რუსეთის მშპ-ის 50%-სა და დასაქმების 40%-ს შეადგენს. მათი წილი კიდევ უფრო მაღალი იყო ვაჭრობაში, რაც ძირითადი ფონდების 80%-ის ოდენობას შეადგენდა. ამასთან, ფინანსებში ჩადებული თანხა ყველა მთავარი ფონდის, თითქმის, 70%-იან, ხოლო სამეცნიერო-ტექნიკურ სექტორებში 40%-იან ოდენობას უტოლდებოდა.

ჩინეთს რუსეთში მხოლოდ 3,3 მლრდ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია, ანუ მთლიანი ოდენობის 0,66%, ინდოეთს კი 613 მლნ დოლარი, ანუ 0,012% უკავშირდება. ბრაზილიიდან და სამხრეთ აფრიკიდან ინვესტიციები იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ისინი რუსეთის ცენტრალური ბანკის სტატისტიკაში ვერ მოხვდნენ.

გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ პუტინმა BRICS-ის ქვეყნების ინვესტორებისთვის “მაქსიმალური გახსნილობა” გამოაცხადა და მათ რუსეთში “კაპიტალის” ინვესტირებისკენ მოუწოდა, ცენტრალური ბანკის სტატისტიკამ მათგან ფულის შედინება არ დააფიქსირა. ეს რუსეთის ეკონომიკის მზარდ იზოლაციაზე მიუთითებს.

თვით უმსხვილესი სავაჭრო და, პუტინის თქმით, ”სტრატეგიული” პარტნიორის, ჩინეთის ხელისუფლებამ ადგილობრივ კომპანიებს რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტიციები აუკრძალა. ასევე, პეკინმა უარი თქვა პროექტ “Сила Сибири-2”-ის ინვესტირებაზე, ხოლო ავტოკონცერნებს მიუთითა, რუსეთში ქარხნები არ ააშენონ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ