2024 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტელე და რადიო მაუწყებლის სარეკლამო შემოსავლები 32.3%-ით შემცირდა და 24 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ შემოსავლების უდიდესი ნაწილი ტელევიზიებზე მოდიოდა. უფრო კონკრეტულად გასული წლის საანგარიშო პერიოდში ტელე სარეკლამო შემოსავლები 21.4 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 34.9%-იან კლებაზე მიუთითებს.
„კომერციული სარეკლამო შემოსავლების კლება გარკვეულწილად წინასაარჩევნო პერიოდმა განაპირობა, რადგან ოქტომბრის თვეში მაუწყებლები სარეკლამო დროს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებას უთმობდნენ. 2024 წლის IV კვარტალში ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მაუწყებლებმა 9.8 მილიონი ლარი მიიღეს. შესაბამისად, კომერციული და პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავლებმა ჯამში - 33.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის იმავე პერიოდში მიღებულ კომერციულ შემოსავლებთან შედარებით 4.4%-ით ნაკლებია.
გარდა ამისა, შემოსავლების შემცირება განაპირობა იმ ფაქტორმაც, რომ საანგარიშო პერიოდში მაუწყებლები საგანგებო რეჟიმში უწყვეტი პირდაპირი ეთერის ფორმატში აშუქებდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რამაც თავის მხრივ, მაუწყებლების წინასწარ დაგეგმილ საეთერო ბადეში ცვლილებები განაპირობა, რაც კომერციული რეკლამისთვის დათმობილ დროზეც აისახა.
ტელევიზიებისთვის 2024 წლის IV კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 74.4%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 12.9% - სპონსორობამ, ხოლო 12.7% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა“, - აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შემოსავალი ნახევარი მილიონი ლარით შემცირდა და 400 ათას ლარს გაუტოლდა.
„რადიომაუწყებლებისთვის კი 2024 წლის IV კვარტალში მიღებული სარეკლამო კომერციული შემოსავლები 2.4%-ით გაიზარდა და 2.6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 89.9% პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 10.1% სპონსორობაზე მოდიოდა“, - აღნიშნულია ამავე ინფორმაციაში.