საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2 სესხის გამცემი სუბიექტი ჯამში 69 ათასი ლარით დააჯარიმა. საუბარია, შპს „ლაქი გრუპსა“ და შპს „მონივა საქართველოზე“.
სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ლაქი გრუპი“ დაჯარიმდა 51 ათასი ლარით, „მონივა საქართველო“ 18 ათასი ლარის ოდენობით.
რაც შეეხება მიზეზებს, „ლაქი გრუპის“ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ სესხის გამცემ სუბიექტს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა წარდგენილი ჰქონდა დაგვიანებით. კერძოდ, ანგარიშვალდებულ პირს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში შესაბამისი აღრიცხვის ფორმა უნდა წარედგინა 2020 წლის 20 ნოემბრამდე, თუმცა სესხის გამცემი სუბიექტის მიერ პირველადი აღრიცხვის ფორმის წარდგენა განხორციელდა 2021 წლის 20 იანვარს. რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5000 ლარის ოდენობით;
გარდა ამისა, სებ-ის მიხედვით, სესხის გამცემი სუბიექტის მიერ შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის არასწორად წარმოდგენის 3 შემთხვევა და დოკუმენტაციის ვადის გადაცილებით წარმოდგენის 4 შემთხვევა, რაც თითოეულ დარღვევაზე ითვალისწინებს დაჯარიმებას – 2,000 ლარის ოდენობით, შესაბამისად, ჯამურად სულ 14,000 ლარის ოდენობით;
ასევე, ეროვნული ბანკის განმარტებით, სესხის გამცემი სუბიექტის მიერ გამოიკვეთა ერთი კლიენტისათვის რისკის მინიჭება, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინების გარეშე. რაც ჯარიმდება 2,000 ლარის ოდენობით;
გარდა ამისა, სებ-ის ინფორმაციით, სესხის გამცემ სუბიექტში დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით, რის გამოც ის დაჯარიმდა 15,000 ლარის ოდენობით;
ასევე განმარტებაში ვკითხულობთ:
სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დაფიქსირდა 4 კლიენტთან მიმართებაში საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის დაუდგენლობა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში - სულ 8,000 ლარის ოდენობით;
სესხის გამცემი სუბიექტის მიერ შემუშავებული შიდა კონტროლთან დაკავშირებული პოლიტიკა/პროცედურა ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5,000 ლარის ოდენობით;
სესხის გამცემი სუბიექტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ერთ კლიენტს არ ქონდა მინიჭებული რისკის დონე, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით.
შედეგად, სესხის გამცემი სუბიექტის ჯამურმა ფულადმა სანქციამ 51 000 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება შპს „მონივა საქართველოს“, სესხის გამცემი სუბიექტის მიერ სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმის წარდგენა მოხდა დაგვიანებით. შესაბამისად დაჯარიმდა 5,000 ლარის ოდენობით;
გარდა ამისა, ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 1 ფაქტისთვის დაჯარიმდა 2,000 ლარის ოდენობით;
ასევე, სესხის გამცემი სუბიექტის მიერ კლიენტისათვის რისკის მინიჭება, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და სესხის გამცემი სუბიექტის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინების გარეშე კლიენტისათვის რისკის მინიჭების/გადაფასების 3 ფაქტისთვის, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში - სულ 6,000 ლარის ოდენობით;
სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 5 ფაქტისთვის, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 1,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე - სულ 5,000 ლარის ოდენობით.