რუსი ინვესტორი სოხუმის აეროპორტის ისტორიული ტერმინალის აღდგენით სამუშაოებს ამთავრებს. ასევე, დასკვნით ეტაპზეა ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი აეროპორტის ახალი ტერმინალისთვის, რომელიც ჩასულ მგზავრებს მოემსახურება.
ამის შესახებ კომპანია „ინფრასტრუქტურული განვითარების“ გენერალურმა დირექტორმა, ევგენი ბოჟენოვმა განაცხადა, რასაც TASS ავრცელებს.
მისი ცნობით, აეროპორტის ფუნქციონირების აღსადგენად უკვე სრულად რეკონსტრუირებულია როგორც ასაფრენი, ასევე, ერთ-ერთი საბუქსირო ბილიკი. ასევე, გარემონტდა პერონი და დამონტაჟდა საჭირო განათების, სასიგნალო-რადიოტექნიკური და მეტეოროლოგიური აღჭურვილობა.
სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციას რუსული კომპანია, „ინფრასტრუქტურული განვითარება“ ეწევა, რომლის თანამფლობელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის შვილი, რაშიდ ნურგალიევ-უმცროსია. ეს კომპანია კრემლმა 2023 წლის 10 ივლისს, სპეციალურად სოხუმის აეროპორტის მშენებლობისთვის დააფუძნა.
2023 წლის 27 ოქტომბერს კომპანიასთან აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ხელი მოაწერა ე.წ. სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, აფხაზური მხარე აეროდრომზე, მის ინფრასტრუქტურასა და აეროპორტის ტერმინალის ისტორიულ შენობაზე საკუთრების უფლებას ინარჩუნებს. ასევე, შენარჩუნდება ობიექტის ორმაგი დანიშნულების სტატუსი და აეროპორტის სახელწოდება.
რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროექტში ინვესტიციები 12 მლრდ რუბლს, ანუ ამჟამინდელი კურსით 125 მლნ დოლარამდე შეადგენს.
სოხუმიდან 18 კმ-ში მდებარე აეროპორტი, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ომის დამთავრების შემდეგ არ ფუნქციონირებს. საბჭოთა პერიოდში ტერმინალი ზაფხულში დღეში 5 ათასამდე, ზამთარში კი 1 ათასამდე მგზავრს ემსახურებოდა. აეროპორტის ასაფრენ ბილიკი, თითქმის, ყველა ტიპის სამოქალაქო თვითმფრინავს იტევს.
აფხაზეთის დე ფაქტო ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, სოხუმის აეროპორტის ამოქმედებიდან დასაქმებულთა რაოდენობა 500 ადამიანს გადააჭარბებს. აეროპორტი პირველ ეტაპზე წელიწადში 1 მილიონამდე მგზავრს 2 მილიონამდე გაზრდის პერსპექტივით მიიღებს.
ცნობისთვის: 7 თებერვალს სოხუმის აეროპორტში, 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, მოსკოვიდან სატესტო ფრენა განხორციელდა, რომელიც რუსეთის რეგიონულმა ავიაკომპანია “სამხრეთ-აღმოსავლეთ თათრეთი-აერომ,” ანუ UVT Aero-მ ბორტზე 21 მგზავრით შეასრულა. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, საწყის ეტაპზე სოხუმში სწორედ UVT Aero იფრენს, ხოლო მარშრუტით, სულ მცირე, ორი რუსული ავიაკომპანია არის დაინტერესებული.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ