პროფკავშირების გაერთიანება საპენსიო რეფორმაზე მუშაობას იწყებს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, პროფკავშირების გაერთიანება საპენსიო რეფორმაზე აქტიურ მუშაობას იწყებს.

პროფკავშირების ინფორმაციით, 16 ივლისს, 10:00 საათზე პროფკავშირების ცენტრალურ ოფისში სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოს საპენსიო სისტემის შესახებ შეხედულებებს ქართველი და უცხოელი ექსპერტები გაცვლიან და არსებულ მდგომარეობას შეაფასებენ.

"საპენსიო სისტემის დახვეწა პროფკავშირების გაერთიანების ერთ-ერთი პრიორიტეტია და სწორედ ამიტომ, გაერთიანება საკითხზე სიღრმისეულ ანალიზს გააკეთებს, რის შემდეგაც კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები მომზადდება. შეხვედრის მონაწილეები ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის და პროფკავშირების სართაშორისო კონფედერაციის წარმომადგენელთაგან მიიღებენ ინფორმაციას, განვითარებული ქვეყნების საპენსიო სისტემებისა და რეფორმებში პროფკავშირების მონაწილეობის შესახებ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმებზე მომუშავე ჯგუფი აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფო ხედვას წარმოადგენს. საპენსიო სისტემის კრიტიკულ შეფასებას პროფკავშირების წარმომადგენლები გეგმავენ, რაც მოსახლეობის აღწერის შედეგად მიღებულ ახალი სტატისტიკური მონაცემებს და შესაბამისად, ბაზრის შედგენილ განახლებულ ინფორმაციას დაეყრდნობა", - აცხადებენ პროფკავშირებში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა 16-17 ივლისს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, მისამართზე: ვაჟა-ფშაველას 1/43 გაიმართება.