გაიზარდა იმ ბიზნესების რიცხვი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ფასების მატებას ვარაუდობს - ISET

„გაიზარდა იმ ბიზნესების წილი, რომელიც საკუთარ პროდუქტზე მომდევნო სამ თვეში ფასის მატებას ვარაუდობს,“ - ამის შესახებ აღნიშნულია ISET-ის კვლევაში.

„გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი 6.9-ით გაიზარდა და 20.0 პუნქტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, გაიზარდა“, - ვკითხულობთ კვლევაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში ბიზნესის განწყობის ინდექსი ოთხწლიან მინიმუმზე დაეცა. კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში ინდექსი 8.8 პუნქტით შემცირდა და -5-ს გაუტოლდა.

„მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2024 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით 22.4 პუნქტით შემცირდა და 2025 წლის 1-ლი კვარტლისთვის -18.6-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუარესება სოფლის მეურნეობის (-50) და მომსახურების (-30.8) სექტორებში დაფიქსირდა.

ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, -9.9 პუნქტამდე შემცირდა. 2025 წლის 1-ლი კვარტლისთვის მოლოდინების საგრძნობი შემცირება დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის (-50.0) და მომსახურების (-31.0) სექტორებში“, - აღნიშნულია ISET-ის კვლევაში.

მერი ტაბატაძე