„ბათუმში იანვარში უძრავი ქონების გაყიდვები განახევრებულია, მარტში ველოდებით 10-20%-იან ზრდას“ - ლევან ბოლქვაძე

„20 იანვრის შემდეგ, ბათუმში უძრავი ქონების ტრანზაქციები განახლდა, თუმცა უმნიშვნელო რაოდენობის“, - ამის მის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „რეინვესტის“ დამფუძნებელმა, ლევან ბოლქვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იანვარში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ზღვისპირა ქალაქში უძრავი ქონების გაყიდვები განახევრებულია.

„მოლოდინები პოზიტიურია - მარტში ველოდებით გაყიდვების 10-20%-იან ზრდას“

„არჩევნების შემდეგ, ნოემბრის პერიოდში გაყიდვები განახლდა. ოპტიმისტურად იყო განწყობილი მყიდველიც და ინვესტორიც. ნოემბრის ბოლოს ეს პროცესები შენელდა და იმ ცნობილი განცხადების შემდეგ [ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროინტეგრაციისთვის მოლაპარაკებებს აჩერებს] ბევრი დაწყებული მოლაპარაკება გაჩერდა.

შემდგომი 2 კვირის განმავლობაში გაყინული იყო ბაზარი და დეკემბრის შუა რიცხვებამდე მომართვიანობა განულებული იყო. წლის ბოლოს საახალწლო შეთავაზებებმა სტიმულირება მისცა მომხმარებელს რომ შეეძინათ უძრავი ქონება. ამის გათვალისწინებით, დეკემბრის ბოლოს, გაიზარდა ტრანზაქციების რაოდენობა და ნოემბერთან შედარებით, 20%-იანი ზრდა აჩვენა.

იანვრის პერიოდში მთელი ბაზარი მოლოდინებზე იყო დამოკიდებული. ბათუმში ისედაც იანვარი და თებერვალი პასიურია, მარტი-აპრილში იწყებს ახალი სეზონის განცხადებები შემოსვლას. პლუს ამას მთელი მსოფლიო ტრამპის განცხადებას ელოდებოდა, რადგან მისი განცხადებები მნიშვნელოვანი იყო გრძელვადიანი ინვესტორებისთვის. 20 იანვრის შემდეგ ტრანზაქციები წამოვიდა, თუმცა უმნიშვნელო რაოდენობის. საერთო ჯამში, წლიურად ტრანზაქციების რაოდენობა 50%-ით არის შემცირებული“, - აღნიშნავს ბოლქვაძე.

მანვე ისაუბრა მოლოდინებზეც და აღნიშნა, რომ EMAAR ჯგუფის მიერ ბათუმსა და გონიოში დაგეგმილმა ინვესტიციამ შესაძლოა, უძრავი ქონების სტიმულირება და მარტში გაყიდვების 10-20%-ით ზრდა გამოიწვიოს.

„6-მილიარდიანი საინვესტიციო მოცულობის შემოსვლის განცხადება (განხორციელება/არგანხორციელების საკითხი ცალკე თემაა,) მარკეტინგულად მუშაობს და უძრავი ქონების ბაზრის სტიმულირებას ახდენს. შესაძლებელია, რომ ამ ინვესტიციას სანამ ჩაეყრება საფუძველი, მას გარე ინვესტორებიც მოყვნენ, ამიტომ, მოლოდინები პოზიტიურია. ვფიქრობ, რომ თებერვლის ბოლო და მარტის შუა რიცხვები მოგვცემს ნათელ სურათს, რამდენად საინტერესო იქნება საინვესტიციო ბაზარი მსხვილი ინვესტორებისთვის და რამდენად განხორციელდება ტრანზაქციები. არის მოლოდინები, რომ მარტში, წინა თვეებთან შედარებით, დაახლოებით 10-20%-იანი ზრდა დაფიქსირდება“, - ამბობს ბოლქვაძე.

შეგახსენებთ, EMAAR ჯგუფის მიერ (შვილობილი Emaar Properties/Eagle Hills) საქართველოში განხორციელდება დაახლოებით, 6 მლრდ დოლარის ინვესტიცია, რის შედეგადაც განვითარდება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტები თბილისში, ბათუმსა და გონიოში. პროექტი „გონიოს მარანი“ 260 ჰექტარზე განხორციელდება. დაგეგმილი ინფრასტრუქტურა მოიცავს სასტუმროებს, სავაჭრო ცენტრებსა და ბრენდულ საცხოვრებლებს. რენდერებიდან ჩანს, რომ პროექტის ფარგლებში სანაპიროზე იახტ-კლუბის მოწყობაც იგეგმება.

მერი ტაბატაძე