ლომთაძე წამყვანი თურქული მარკეტპლეისის გამგეობის თავმჯდომარე გახდა. - კომპანიის მენეჯმენტში კიდევ ორი ქართველია

თურქულმა მარკეტპლეის Hepsiburada-მ, რომლის წილიც ყაზახურმა ფინტექკომპანია Kaspi.kz-მა იანვარში შეიძინა, გამგეობის თავმჯდომარედ Kaspi-ის თანააქციონერი, მიხეილ ლომთაძე აირჩია.

ამის შესახებ კომპანიის პრესრელიზში წერია, რასაც Forbes-Kazakhstan ავრცელებს.

კერძოდ, Hepsiburada-ს მმართველი ორგანოს წევრები აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე აირჩიეს, რომელიც 31 იანვარს ჩატარდა. კრების გადაწყვეტილებით, მიხეილ ლომთაძე კომპანიის ხელმძღვანელად დაინიშნა და პრესრელიზში მისი თანამდებობა “გამგეობის თავმჯდომარედ” არის მოხსენიებული.

ლომთაძესთან ერთად, Hepsiburada-ს გამგეობის წევრები Kaspi.kz-ის თავმჯდომარის მოადგილეები, იური დიდენკო, თენგიზ მოსიძე და პაველ მირონოვი გახდნენ. იური დიდენკო ასევე, Hepsiburada-ს გამგეობის თავმჯდომარის, ანუ ლომთაძის მოადგილე და ორი კომიტეტის, კერძოდ, ადრეული რისკების გამოვლენისა და კორპორატიული მმართველობის კომიტეტების წევრია.

ამასთან, Hepsiburada-ს გამგეობას Kaspi Pay-სა და Kaspi.kz-ის მობილური კომერციის ხელმძღვანელი, სანდრო ბერძენიშვილი შეუერთდა.

Hepsiburada-ს მმართველ ორგანოში სულ ცხრა ადამიანი იქნა არჩეული, რომელთა უფლებამოსილების ვადა ორი წელი, 2027 წლის 31 იანვრამდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ახალი არჩევნებით გამგეობის წინა, 11-წევრიანი შემადგენლობა ცხრამდე შემცირდა.

Kaspi.kz-მა კომპანია Hepsiburada-ს 65,41%-იანი წილის 1.13 მლრდ დოლარად შესყიდვის შესახებ 2024 წლის ოქტომბერში გამოაცხადა. თურქეთის ანტიმონოპოლიურმა ორგანომ Kaspi.kz-ის მიერ Hepsiburada-ს შეძენა 2024 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში დაამტკიცა. 17 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, Kaspi.kz-მ იანვარში თურქული კომპანია D-Market Electronic Services & Trading-ის, იგივე, Hepsiburada-ს A-კლასის 40,000,000-ისა და B-კლასის 173,246,220 აქციის შეძენა დაასრულა და მაკონტროლებელი აქციონერი გახდა.

ხელშეკრულება Kaspi.kz-სა და გამყიდველი მხარეს შორის დაიდო, რომელსაც Hepsiburada-ს დამფუძნებელი და მაკონტროლებელი აქციონერი, ჰანზადე დოგანი, ასევე, ვუსლატ დოგან საბანჯი, ბეგუმ დოგან ფარალალი, არზუხან დოგან იალჩინდაგი და იზილ დოგანი წარმოაგენდნენ.

ხელშეკრულების პირობების თანახმად, გადახდა ორ ტრანშად შესრულდება. კერძოდ, 600 მლნ დოლარი Kaspi.kz-მ ხელშეკრულების დახურვისთანავე გადაიხადა, ხოლო დარჩენილ 526.9 მლნ დოლარს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში დაფარავს.

მიხეილ ლომთაძე აცხადებს, რომ Hepsiburada-ის წილის შეძენა Kaspi-ს სამიზნე ბაზარს 100 მლნ ადამიანამდე გაზრდის.

ცნობისთვის: Hepsiburada 2000 წელს ჰანზადე დოგანის მიერ დაარსდა. მისი კომპანია მომხმარებელთა მომსახურებაზე, ტექნოლოგიაზე, ლოგისტიკასა და სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის ფართო სპექტრზე ფოკუსირებით განვითარდა. 2023 წელს Hepsiburada-ს მომსახურებით, დაახლოებით, 12 მლნ მომხმარებელი და 101 ათასი პარტნიორი მაღაზია სარგებლობდა, ხოლო კომპანიის პლატფორმის მეშვეობით გაყიდული საქონლის ჯამურმა ღირებულებამ, დაახლოებით, 4 მლრდ დოლარი შეადგინა. კომპანიას 10 ათასი თანამშრომელი ჰყავს. 2021 წელს Hepsiburada თურქეთში პირველი და ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც თავისი აქციები NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე მსოფლიოს ტექნიკურ გიგანტებს შორის განათავსა.

1-ლი იანვრის მდგომარეობით, Kaspi.kz-ის ძირითადი აქციონერები არიან: მიხეილ ლომთაძე (22.6%), ვიაჩესლავ კიმი (21.4%) და Baring Funds (24.68%). 2024 წლის იანვარში აქციონერებმა Nasdaq-ზე IPO-ს მეშვეობით თავიანთი აქციების ნაწილი გაყიდეს და 1 მლრდ დოლარი მიიზიდეს. Kaspi.kz-ში იური დიდენკო კაპიტალის ბაზრებზე, თენგიზ მოსიძე ფინანსებზე, ხოლო პაველ მირონოვი საოპერაციო საქმიანობაზე არიან პასუხისმგებელი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ