საქართველო და ჩინეთი ჩაის განვითარებისთვის თანამშრომლობის გეგმაზე შეთანხმდნენ

საქართველო და ჩინეთი ჩაის განვითარებისთვის თანამშრომლობის გეგმაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად, ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ჩაის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა.  შეხვედრაზე ინსტიტუტის დირექტორმა, იანგ იაჯუნიმ დელეგაციის წევრებს ჩინური ჩაის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის სრული ციკლი გააცნო და აღნიშნა, რომ ჩაის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მზადაა საქართველოს შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობისთვის.

"საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება ჩინეთის გამოცდილების გაზიარება ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა - სანერგე მეურნეობების მოწყობა, გენოფონდის განახლება, ორგანული ჩაის წარმოების განვითარება, წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგავა, ფერმერთა ცოდნის გაღრმავება, დამატებითი ღირებულების შექმნისა და ქართული ჩაის ბრენდის განვითარების ხელშეწყობა", - ნათქვამია განცხადებაში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ოთარ დანელიამ ქართული ჩაის ისტორიულ მნიშვნელობასა და მისი წარმოების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში ჩაის ინდუსტრიის აღორძინებისადმი ინტერესი გაიზარდა.  შეხვედრაზე მხარეები ჩაის კულტურის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გეგმაზე შეთანხმდნენ. როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ განაცხადა, ქართული ჩაის ჯიშების ასორტიმენტის განახლებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩაის ინდუსტრიის განვითარებისთვის. მისივე თქმით, ორი ქვეყნის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს შორის თანამშრომლობა საშუალებას იძლევა საქართველოში ჩაის სხვადასხვა მაღალპროდუქტიული ჯიშის ინტროდუქცია განხორციელდეს.

ჩინეთის ჩაის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა საქართველოს დელეგაციის წევრებს ჩაის ხარისხის ანალიზის ლაბორატორია, ჩაის სხვადასხვა ჯიშისა და კლონის პლანტაციები დაათვალიერებინა.