„ევროპარლამენტი ითხოვს ასოცირების ხელშეკრულების გადახედვას - თუ დარღვევები დადგინდა აღარც თავისუფალი ვაჭრობა იქნება და აღარც უვიზო მიმოსვლა“

„ევროპარლამენტი „საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ“ რეზოლუციის პირველად ვერსიაში ითხოვს საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების გადახედვას,“ - ამის შესახებ ევროპარლამენტის „მწვანეთა პარტიის“ საპარლამენტო მრჩეველმა თამარ გუგულაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გუგულაშვილის თქმით, საუბარია კონკრეტულად შეთანხმების მეორე პუნქტის შეფასებაზე, სადაც ევროკავშირი ღიად მიუთითებს დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების მწვავე დარღვევებზე.

ითხოვენ მთლიანად ასოცირების შეთანხმების აუდიტს - რა მოყვება ამას?

„ითხოვენ მთლიანად ასოცირების შეთანხმების აუდიტს. ეს ნიშნავს შეფასებას ექსპერტების მხრიდან - ეს ევროკომისიამ უნდა გააკეთოს. ასოცირების შეთანხმება ამ წუთში არის ჩვენსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მთავარი მარეგულირებელი დოკუმენტი, ითხოვენ ამის აუდიტს და ნათლად მიუთითებენ, რომ ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიისკენ სვლა არის ნათლად დარღვეული,“ - ამბობს ევროპარლამენტის „მწვანეთა პარტიის“ საპარლამენტო მრჩეველი.

მისივე ცნობით, თუ წინა რეზოლუციებში საუბარი იყო ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, ახალი რეზოლუციის პირველად ვერსიაში მსგავსი ჩანაწერი არ გვხვდება. თუმცა, გუგულაშვილი განმარტავს, რომ თუ გადაიხედა ასოცირების შეთანხმება და დარღვევები დადგინდა, ამას ავტომატურად მოჰყვება ვიზალიბერალიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობის შეჩერება.

„რამდენიმე საფეხური გამოვტოვეთ... აღარ არის აქ ცალკეულად საუბარი უვიზო მიმოსვლაზე, რადგან, თუ ასოცირების შეთანხმება გადაიხედა და მე-2 პუნქტის სერიოზული დარღვევის გამო შეთანხმება შეჩერდა, ავტომატურად ჩერდება დანარჩენი სექტორული შეთანხმებები. ვგულისხმობ, რომ თუ ასოცირების შეთანხმებაში დარღვევები დადგინდა, აღარც თავისუფალი ვაჭრობა იქნება და არც უვიზო მიმოსვლა,“ - განმარტავს გუგულაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში, დღეს ევროპარლამენტი რეზოლუციის პროექტს - „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” უყრის კენჭს. რეზოლუციის ავტორი 57 ევროპარლამენტარია, ევროპარლამენტის 5 პოლიტიკური ჯგუფიდან - "ევროპის სახალხო პარტიის", "სოციალ-დემოკრატების" "კონსერვატორებისა და რეფორმისტების" , "განახლების" და "მწვანეების". კენჭისყრა თბილისის დროით 15:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება.

იხილეთ ამავე თემაზე: ცნობილია „საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ” რეზოლუციის პროექტის შინაარსი, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს უყრის კენჭს

მერი ტაბატაძე