კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები 55 მილიონი ლარით დააჯარიმა

კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევა დაასრულა და კომპანიები და ეკონომიკური აგენტები ჯამურად 55 მილიონი ლარით დააჯარიმა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ბარაბაძემ განაცხადა, სააგენტოს მოკვლევისთვის აქვს კანონით 10-თვიანი ვადა, თუმცა მან ვადაზე ადრე, 8 თვეში დაასრულა ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა, რომელიც 2014 წლის 12 ნოემბრიდან მიმდინარეობდა.

ბარაბაძის თქმით, კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნა მოცულობითია და 1 100 გვერდს შეადგენს, თუმცა მას არ აქვს უფლება დასკვნის ყველა წვრილმანზე ისაუბროს, ვინაიდან გარკვეული ნაწილი საგადასახადო კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. "კონკურენციის სააგენტო მივიდა დასკვნამდე, რომ 2008-14 წლებში ავტოსაწვავის სასაქონლო ბაზარზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპები. კერძოდ, მოქმედებდა ხელოვნური ბარიერები იმპორტში, იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. აქედან გამომდინარე ბაზრის ძირითად სუბიექტებს "ვისოლს", "რომპეტროლს", "სოკარს", "ლუკოილს", "გალფს", ასევე ეკონომიკურ აგენტებს, რომლებიც მჭიდრო სადისტრიბუციო ურთიერთობაში იყვნენ ამ ხუთეულთან, შესაბამისი სანქციები დაეკისრათ. გარდა ამისა, სანქციები გატარდა ფრენჩაიზინგის მიმღები ეკონომიკური აგენტების მიმართ", - განაცხადა ბარაბაძემ.

მისი თქმით, ჯამურად სანქციები 55 მილიონ ლარამდეა. რაც შეეხება იმას, იმოქმედებს თუ არა ეს გადაწყვეტილება საწვავის ფასზე, ბარაბაძე აცხადებს, რომ კონკურენციის სააგენტოს ფუნქცია არ არის ფასის კონტროლი და ფასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების მიღება. სააგენტოს ფუნქციაა დაადგინოს ბაზარზე მოქმედი ფასი ხომ არ არის რაიმე შეთანხმების პროდუქტი.