ივლისში "პალიტრა TV"-ს საერთო რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზარდა

ივლისში "პალიტრა TV"-ს საერთო რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც  "პალიტრა TV"-ს დირექტორმა, ინგა დადიანმა განაცხადა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში არხის ყურებადობამ მკვეთრად მოიმატა. მისივე ინფორმაციით, მოსახლეობის ინტერესს იწვევს "პალიტრა TV"-ს როგორც პოლიტიკური, ასევე გასართობი გადაცემები. ნილსენის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ოფიციალური ლიცენზირებული პარტნიორი კომპანიის, TVMR Georgia-ს მონაცემებზე დაყრდნობით, რეიტინგი მომატებული აქვს "პალიტრა TV"-ს გადაცემებს: "ლურჯი ვაშლი", "მიმიხვდი", "რეზიუმე", "პროვოკატორი", "მოკლე ჩართვა", "ინტერნეტპალიტრა", "ბიზნეს-PRESS", "შუა დღე", "ლუპა", "კავკასიური პალიტრა", "მკურნალი". მაყურებლების ინტერესს იწვევს სერიალებიც.

"ველოდებით, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე ეტაპობრივად გადასვლის პარალელურად, ჩვენი მაყურებლების რაოდენობის ზრდის პროგრესი საქართველოს მასშტაბით კიდევ გაგრძელდება. ციფრული მაუწყებლობის მეშვეობით, მაყურებლებს მაღალი ხარისხის სიგნალის მიღების შესაძლებლობა აქვთ. გაციფრულების პროცესი 25 აგვისტოს დასრულდება და "პალიტრა TV" მთელ საქართველოს დაფარავს", - აღნიშნა ინგა დადიანმა.

მისივე ინფორმაციით, "პალიტრა TV"-ს ყურება მაყურებელს როგორც საკაბელო ტელევიზიით, ასევე "სეთ-თოფ ბოქსების" მეშვეობით შეუძლიათ.