სამეგრელოში თხილის ფასმა მოიმატა

სამეგრელოში ახალი თხილის ფასი უკვე 6 ლარი გახდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ძლიერმა ქარმა მათ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, მაგრამ თუ მოსავლის აღებამდე ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, აგვისტოს ბოლოსთვის 1 კილოგრამი თხილის ფასი უკვე 15 ლარი იქნება. როგორც სოფელ დარჩელის მკვიდრმა ზურაბ მებონიამ bpn-თან საუბრისას განაცხადა, ბოლო რამდენიმე დღეა თხილის ფასმა მოიმატა, რომელიც კარგა ხნის განმავლობაში 5 ლარი იყო, თუმცა ერთ დღეში ერთი ლარით მოიმატა.

"შესაბამისად, ვისაც თხილის დიდი პლანტაციები აქვთ, უკვე გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები, რადგან გახშირდა დაკრეფვის შემთხვევები. ღამე ჩუმად მიდიან და კრეფენ. უჭირს ხალხს და იციან, რომ ერთი კილო ნედლი თხილი 6 ლარი ღირს. ამ სეზონს შიშით ველოდებით, რადგან თხილის ჩაბარების დაწყებასთან ერთად დაიწყება დაყაჩაღებებიც", - განაცხადა ზურაბ მებონიამ.

იმის გამო, რომ ცხელმა ქარმა მოსავალი გაანახევრა, შარშანდელთან შედარებით, ნაყოფი ხარისხიანია. ადგილობრივთა თქმით, თურქი მეწარმეები უფრო მეტს იხდიან, მაგრამ ადგილობრივი ბიზნესმენები გლეხებამდე არ უშვებენ.

ლალი პაპასკირი