გიორგი ალიბეგაშვილი სტიქიასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკისა და UNDP-ის მონაცემებს გაეცნო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მსოფლიო ბანკისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ფონდის ექსპერტების მიერ შემუშავებული პირველადი დოკუმენტის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობის შეფასებასა და მისი აღმოფხვრის რეკომენდაციებს შეეხებოდა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით,  ღონისძიებას, რომელიც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი, დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატები ბექა ნაცვლიშვილი და დავით უთმელიძე, ასევე მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე საუბარი შეეხო სტიქიით მიყენებულ ზარალს. ასევე წარმოდგენილი იყო წინადადებები, თუ როგორ უნდა მოხდეს დაზარალებული მოსახლეობის დახმარება და რა ზომებს უნდა მიმართოს ხელისუფლებამ მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ალიბეგაშვილმა დონორი ორგანიზაციების ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი გამოცდილება და რეკომენდაციები დადებითად აისახება იმ დოკუმენტზე, რომელიც ვერეს ხეობის გრძელვადიან უსაფრთხო მართვას შეუწყობს ხელს.

დედაქალაქის მერმა გაეროს განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ თვის ბოლოს საბოლოო სახეს მიიღებს დოკუმენტი, რომელშიც სამინისტროებისა და ექსპერტების წინადადებების გარდა აუცილებლად იქნება ასახული დონორი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები.