კერძო სკოლები მოსწავლეთა შემცირებას უჩივიან

კერძო სკოლების უმრავლესობა ახალ სასწავლო წელს შემცირებული კონტიგენტით ხვდება.

ზოგიერთ მათგანში მოსწავლეების რაოდენობა განახევრდა კიდეც. ზოგს კი იმდენად შეუმცირდა კონტიგენტი, რომ ახალი ჯგუფის გახსნასაც ვერ ახერხებს. გახშირდა კერძო სკოლებიდან მოსწავლეების საჯარო სკოლებში გადაყვანის ფაქტებიც, რასაც სკოლის დირექტორები მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებით ხსნიან. bpn.ge ამ თემით დაინტერესდა და რამდენიმე კერძო სკოლის ადმინისტრაციას დაუკავშირდა.

"მარი ბროსეს" ფრანგულ სკოლაში მშობლები შვილების განათლებისთვის ყოველწლიურად 3000 ლარს იხდიან. ახალი სასწავლო წლიდან კი სწავლის საფასური 500 ლარით გაუძვირდებათ.

სკოლის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. როგორც ჩვენთან საუბარში აცხადებენ, მიზეზი ლარის გაუფასურებაა. თანხის გაძვირებამ მოსწავლეების შემცირება გამოიწვია. "ახალი სასწავლო წლიდან ბავშვების შემცირებული კონტიგენტი გვეყოლება. უმრავლესობას ძალიან გაუჭირდა და თანხის გადახდას ვეღარ ახერხებენ. ჩვენც იძულებული ვართ სწავლის საფასური გავზარდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში რამდენიმე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით. გაგვიძვირდება კვება, გათბობა, მასწავლებლები არსებულ ხელფასზე აღარ იმუშავებენ",- განაცხადეს სკოლის ადმინისტრაციაში.

კერძო სკოლების მეორე ნაწილი აღსაზრდელების კონტიგენტის შემცირების მიზეზად ასაკობრივ ზღვარს ასახელებს. "ახალ ქართულ სკოლაში" ამბობენ, რომ პირველკლასელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

"ახალი კლასის შედგენა სერიოზული პრობლემაა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ეკონომიკური კრიზისიც არის, თუმცა პირველკლასელთა რეგისტრაციაზე დიდ გავლენას ახდენს ასაკობრივი ზღვრის 6 წლამდე გაზრდა", - აცხადებენ "ახალი ქართული სკოლის" დირექციაში.

კერძო სკოლების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ისინი ლარის კურსის ცვლილებამ მნიშვნელოვნად დააზარლა, ზოგიერთ მათგანს კი პოზიციის შესანარჩუნებლად ბრძოლა უწევს.

თიკო გურაშვილი