დაჯარიმებული ნავთობიმპორტიორები სასამართლოს მიმართავენ

კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები "კონკურენციის შესახებ" კანონის დარღვევაში დაადანაშაულა და დააჯარიმა კიდეც. კომპანიების ხელმძღვანელებს უწყების ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ მიუღიათ. კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება მათთვის გუშინ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. მას შემდეგ, რაც არსებული დოკუმენტების სარეზოლუციო ნაწილს გაეცნობიან, ნავთობკომპანიები სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

როგორც ცნობილია, სანქციები დაეკისრა ხუთ მსხვილ ნავთობკომპანიასა და სამ ეკონომიკურ აგენტს, რომელთაც მჭიდრო ურთიერთობები გააჩნდათ "მსხვილ ხუთეულთან", ერთ-ერთი მათგანია "ვისოლი", რომელიც კონკურენციის სააგენტომ 10,426 393 ლარით დააჯარიმა. "ლუკოილის" საჯარიმო თანხა 4 740 260 ლარია, "რომპეტროლს" - 10 885 806 ლარის გადახდა მოუწევს, "გალფის"  შემთხვევაში ეს თანხა 11 267 384 ლარით განისაზღვრა. კონკურენციის სააგენტო ყველაზე მკაცრი "სოკარის" მიმართ აღმოჩნდა, რომელიც 14 381 385 ლარით დაჯარიმდა. მთლიანობაში ჯარიმის მოცულობა 55 მილიონ ლარს აღწევს. კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი ბარაბაძის თქმით, დასკვნა მოცულობითია და მოიცავს 1100 გვერდს, რომელიც 50 ტომის მასალას ეფუძნება. კვლევის დასასრულებლად სააგენტოს 10-თვიანი ვადა მიეცა, თუმცა მან მუშაობა ვადაზე ადრე, 8 თვეში დაასრულა.

შედეგებიდან გამომდინარე, როგორც ბარაბაძემ განაცხადა, მივიდნენ დასკვნამდე, რომ 2008-14 წლებში ბაზარზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპი, მოქმედებდა ხელოვნური ბარიერები და შეთანხმებული ფასი. კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მოკვლევის შედეგად გამოვლინდა "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტების დარღვევის ფაქტი, რაზეც შესაბამის ეკონომიკურ აგენტებს, ხსენებული კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, ჯარიმა დაეკისრათ.

ნავთობკომპანიების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა "რეზონანსს" განუცხადა, რომ ნავთობკომპანიებში არ ფლობენ ინფორმაციას, რა არგუმენტებს ემყარება კონკურენციის სააგენტოს დასკვნა.

ისინი, სავარაუდოდ, გაასაჩივრებენ ამ გადაწყვტეილებას და საკუთარი უფლებების დაცვას კომპანიების წარმომადგენლები სასამართლოს გზით შეეცდებიან. "კონკურენციის სააგენტომ გამოიტანა დასკვნა და ნეგატიურად შეაფასა ნავთობკომპანიების საქმიანობა "კონკურენციის შესახებ" კანონთან მიმართებაში. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად რა არგუმენტებსა და მტკიცებულებებს ემყარება ასეთი დასკვნა. კანონით განსაზღვრულ ვადაში კონკურენციის სააგენტომ კომპანიებს უნდა ჩააბაროს ეს დოკუმენტები თავისი თანდართული საბუთებით. შემდეგ, როცა მოხდება ამ საბუთების გაცნობა, შეაფასებენ მას სამართლებრივი კუთხით და შესაბამისად, შესაძლებელი გახდება საუბარი დეტალებსა და კონკრეტულ მოქმედებაზე," - აცხადებს მთვრალაშვილი.

მისი განცხადებით, კომპანიებს "კონკურენციის შესახებ"  კანონი არ დაურღვევიათ. "დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, ჩემი აზრით, კომპანიები გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა კანონიერ საშუალებას, რომ სიმართლე დაამტკიცონ. ამ გადაწყვეტილებას ყველა ინდივიდუალურად მიიღებს. გარდა იმისა, რომ საჯარიმო სანქცია არის ძალიან დიდი და სერიოზული, ბრალდებაც საკმაოდ მძიმეა და კომპანიები მას აუცილებლად გაასაჩივრებენ", - აღნიშნავს ვანო მთვრალაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევა 2014 წლის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო. იანვარში, მთავრობის სხდომაზე, საწვავის ფასთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევდა საქართველოში საწვავზე არსებული ფასი. "საქართველოს კონკურენციის სააგენტო აწარმოებს ნავთობპროდუქტების ბაზრის მოკვლევას. ჩემი დავალების საფუძველზე ისინი მუშაობენ",- განაცხადა მაშინ პრემიერმა.

სააგენტო ამ დრომდე არ ახმაურებდა კვლევის შედეგებს. როგორც კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ბარაბაძემ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, კვლევის ფარგლებში უნდა განსაზღვრულიყო შესაბამისი დაკვირვების პერიოდი, ასევე ბაზრის მოცულობა, ბაზრის მოქმედი ეკონომიკური აგენტები, ბაზრის სტრუქტურა, ფასების დონე და დინამიკა. საბოლოოდ, კონკურენციის სააგენტო მენავთობეების მიმართ საკმაოდ მკაცრი აღმოჩნდა. 55-მილიონიანი ჯარიმა საქართველოში მოქმედი ბიზნეს სუბიექტებისთვის უპრეცედენტოა.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"