გარდაბნის საკრებულოს წევრი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

"ქართული ოცნებიდან" გარდაბნის მუნიციპალიტეტის დეპუტატმა, შაირ საფაროვმა ქრთამის სახით, 2 000 ლარი აიღო, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის უკანონოდ სარგებლობის და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო თანხა 2 000 ლარის ოდენობით. "დანაშაულებრივ ფაქტზე, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.