საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის სიხშირე იზრდება

საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის სიხშირე იზრდება, მსხვილი ბულგარული ჰოლდინგი BACB კი დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრაზე აღინიშნა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ბურგასის, ფოთისა და ბათუმის პორტებს შორის გაზრდილი სიხშირით იმოძრავებს ბორანი, რომელსაც სატვირთო ავტომობილების გადაყვანა შეუძლია, რაც საქართველოსა და ბულგარეთს შორის ტვირთბრუნვის გაზრდას შეუწყობს ხელს.  ქართველ გადამზიდავებს ასევე საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ BACB-ის მსხვილი ლოგისტიკური ცენტრებით, რომელთაგან ერთ-ერთი ბალკანეთში მდებარეობს.

"ჰოლდინგი ასევე მოიცავს ტურისტულ კომპანიას, რომელიც ბულგარეთში რამდენიმე კურორტს ფლობს. საუბარი იყო პარტნიორობაზე ჩვენს სამთო-სათხილამურო კურორტებსა და ბულგარეთის კურორტებს შორის, რათა გაიყიდოს ერთიანი პაკეტები. ვფიქრობთ, ყველა ეს გეგმა უახლოეს მომავალში განხორციელებადია", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ბულგარეთს შორის პირდაპირ საავიაციო მიმოსვლასაც შეეხო.