"კონკურენციის სააგენტოს კვლევა საწვავზე ფასების შემცირებაზე აისახება"

"მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების" ხელმძღვანელი ბექა კემულარია მიიჩნევს, რომ კონკურენციის სააგენტოს კვლევა საწვავზე ფასების შემცირებაზე აისახება.

როგორც "მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების" ხელმძღვანელმა ბექა კემულარიამ განაცხადა, კონკურენციის სააგენტომ უპრეცედენტო მუშაობა გასწია, რაც შექებას იმსახურებს. "ეს გადაწყვეტილება და ის, რაც კონკურენციის სააგენტომ შეძლო, არის უპრეცედენტო. სააგენტოს საკმაოდ ვრცელი მასალების დამუშავება მოუწია, 50 000 გვერდამდე დოკუმენტი შეისწავლა, თავად დასკვნა 1100 გვერდია, რაც საკმაოდ უპრეცენდენტოა და მათი მუშაობა, ამ მხრივ, შექებას იმსახურებს. ფაქტია, რომ კარტელური შეთანხმება დაამტკიცა", - განაცხადა კემულარიამ.

მისივე თქმით, კონკურენციის სააგენტომ დაამტკიცა, რომ კომპანიები ფასს შეთანხმებულად აწესებენ. "ეს იმას ნიშნავს, რომ შეთანხმებულად მაღალ ფასს აწესებენ, კარტელური შეთანხმება სწორედ ამას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ეს უნდა აისახოს, ფასები არ უნდა დგებოდეს შეთანხმებულად. თუ გააგრძელებენ შეთანხმებული ფასების დაწესებას, ამ შემთხვევაში კონკურენციის სააგენტო მათ უკვე 200 მილიონი ლარით დააჯარიმებს. როდესაც ბაზარზე იქნება კონკურენტული ფასი, ანუ არა შეთანხმებით დაწესებული, ეს იქნება არსებულ ფასზე ნაკლები", - განაცხადა კემულარიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ საწვავის ფასი უნდა შემცირდეს.

როგორც კემულარიამ აღნიშნა, სააგენტოს გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნებულია. "თუ კომპანიები გაასაჩივრებენ, ისინი ამით დროის მოგებას შეეცდებიან, მაგრამ, საბოლოო ჯამში, კომპანიებმა თუ ასე გააგრძელეს, კონკურენციის სააგენტოს აქვს იმის ბერკეტი, რომ აღკვეთოს მათი ეს ქმედება, ანუ დააჯარიმოს 200 მილიონით. ეს სოლიდური თანხებია და ვფიქრობ, რომ ვერ უნდა გაბედონ კომპანიებმა ასეთი ტიპის თვითნებობა", - განაცხადა კემულარიამ.

როგორც იმოქმედებს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება ზოგადად, ბიზნესზე, კემულარიამ აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის დაჯარიმება და სანქციები ბიზნესისთვის კარგი არ არის, მაგრამ "როდესაც ბიზნესსაქმიანობას ეწევი, ის უნდა განახორციელო კეთილსინდისიერად და კანონდარღვევით არ უნდა შეეცადო მაქსიმალური მოგების მიღებას". "უნდა იყო კეთილსინდისიერი მეწარმე და შესაბამისად, შენს საქმიანობას კანონმდებლობის დაცვით უნდა ახორციელებდე", - განაცხადა კემულარიამ.

კონკურენციის სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევის თანახმად, 2008-2014 წლებში, საწვავის სასაქონლო ბაზარზე ირღვეოდა კონკურნეციის დაცვის პრინციპები და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. შედეგად, კონკურენციის სააგენტომ სამართალდამრღვევ ეკონომიკურ აგენტებს დააკისრა ჯარიმა დაახლოებით, 55 მილიონი ლარის ოდენობით.  უფრო კონკრეტულად კი, ეკონომიკურ აგენტებს დააკისრათ ჯარიმა შემდეგი ოდენობით - "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი" 14 381 385 ლარი, "სან პეტროლიუმ ჯორჯია" 11 267 384 ლარი, "რომპეტროლ საქართველო" 10 845 806 ლარი, "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" 10 426 393 ლარი, "ლუკოილ-ჯორჯია" 4 740 260, "L ოილი" 1 209 890 ლარი, ასევე 200-200 ლარით დაჯარიმდნენ - შპს "აარონი", "პარტნიორი ბათუმი", "ტრანს სერვისი", "ენ სერვისი", "დიდუბე 2009", ი/მ სარიდონ ჯიჯეიშვილი, შპს "MG", "აჭარა პარტნიორი", "პარტნიორი 2010", "პარტნიორი", "ჯი პლიუსი", შპს "T4", "რომ კომპანი" , შპს "გიგო", "ნორექსი", "სტ ოილი", "საბ პერტოლი", "ლ&მ", "ქსილისი", "იბერკომპანი პეტროლიუმი", "ჯეო სერვისი", "ბრენდ ოილი".