ინოვაციების მეექვსე ლაბორატორია შეიქმნება

მთავრობის, ბიზნესისა და უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით ინოვაციების რიგით მე-6 ლაბორატორია შეიქმნება, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კომპანია "სინგულარს" შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის საფუძველზე მხარეები ვებ და მობილური პროგრამირების მიმართულებით ინოვაციების ლაბორატორიას და სტარტაპ აქსელერატორს შექმნიან.

"ლაბორატორიის მიზანია მოამზადოს პრაქტიკული ცოდნის მქონე მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც შეძლებენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმებას, ან საკუთარი მაღალტექნოლოგიური ბიზნეს საქმიანობის დაწყებას. ინოვაციების ლაბორატორია წარმოადგენს პროექტს, რომელიც საგანმანათლებლო სფეროში კომპანიისა და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლობას ითვალისწინებს. ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მოსწავლეები კი მათი გამოყენებით მუშაობენ ახალი, ინოვაციური პროექტების შექმნასა და განვითარებაზე. ლაბორატორიის პარტნიორი კომპანია კი სასწავლო პროცესებს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული ამოცანებით უზრუნველყოფს", - ნათქვამია განცხადებაში.

პროექტის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კომპანია "სინგულართან" თანამშრომლობით შეიქმნება ინოვაციური ლაბორატორია, რომელიც ვებ და მობილურ პროგრამირების მიმართულებით იმუშავებს. ლაბორატორია ახალგაზრდების მიერ ინოვაციური პროექტების შემუშავებას შეუწყობს ხელს. "უნივერსიტეტისა და სააგენტოს თანამშრომლობით სტარტაპ აქსელერატორი გაიხსნება, რომელიც უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი ახალგაზრდული ინოვაციური ბიზნეს იდეების კონკრეტულ სტარტაპ კომპანიებად ქცევაზე იზრუნებს. აქსელერატორი უზრუნველყოფს ახალგაზრდებს, როგორც სამუშაო სივრცით, ისე ექსპერტული მენტორშიპითა და ტრენინგებით, რაც მნიშვნელოვანია ინოვაციური სტარტაპ იდეების ეფექტურად განვითარებისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.

ლაბორატორიის ბაზაზე გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები, სემინარები, მასტერკლასები, ტრენინგები და ახალგაზრდული კონკურსები, მათ შორის ე.წ. ჰაკათონები. "ეს იქნება ინოვაციების რიგით მეექვსე ლაბორატორია, რომელიც სააგენტოს ხელშეწყობით შეიქმნება", - ნათქვამია განცხადებაში.