ევროკავშირის სანქციების მე-16 პაკეტის ფარგლებში საერთაშორისო გადახდის სისტემა SWIFT-იდან კიდევ 13 რუსული ბანკი გაითიშება.
ინფორმაციას EUObserver ამ საკითხის მცოდნე დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თუმცა, გამოცემის ცნობით, აშშ-ისგან სანქცირებული “გაზპრომბანკი,” დიდი ალბათობით, ევროპულ სანქციებს არ დაექვემდებარება. ბანკი რუსული გაზის მიწოდების გადახდებს განაგრძობს, რომელსაც უნგრეთი და სლოვაკეთი თვეში 250 მლნ ევროს ოდენობით ყიდულობენ.
SWIFT-ზე წვდომას მცირე ბანკები დაკარგავენ. საერთო ჯამში, EUObserver-ის წყაროების მიხედვით, „შავ სიას“ 35 იურიდიული და 48 ფიზიკური, მათ შორის, თანამდებობის პირები და პროპაგანდისტები დაემატება.
რუსეთის ცენტრალური ბანკის დეკემბრის მონაცემებით, დასავლეთის სანქციების ქვეშ ქვეყნის საბანკო სისტემის 95% იმყოფება. „შავ სიაში“ მოხვდა 129 საკრედიტო ინსტიტუტი, რომლებიც ქვეყნის ფინანსური სისტემის თითქმის ყველა აქტივს აკონტროლებენ.
ცნობისთვის: გასული წლის ნოემბერში ბანკების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების ბოლო რაუნდი 50 საკრედიტო ინსტიტუტს, მათ შორის, “გაზპრომბანკს” შეეხო. რუსეთის სახელმწიფო ბანკებიდან “გაზპრომბანკი” ერთადერთი და ბოლო ინსტიტუტია, რომელიც დოლარში ანგარიშსწორებასა და SWIFT-ის სისტემაზე წვდომას ინარჩუნებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ