პარლამენტი დღეს "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს

პარლამენტში დღეს რიგგარეშე სესიაზე "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, კანონპროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გათვალისწინებულია, რომელიც საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს ჰქონდათ.

,,მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტმა მეორე მოსმენით მუშაობა გასულ ხუთშაბათს დაასრულა, ჩვენ კიდევ რამდენიმე დღით გადავდეთ ამ საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვა, რათა ყველას საშუალება ჰქონოდა გარკვეულიყო საკითხებში. მხედველობაში გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციები. ამ დღეებში სავალუტო ფონდთან ინტენსიური კონსულტაციები იყო და მათი შენიშვნების უდიდესი ნაწილი ასახულია კანონპროექტში. არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც პარლამენტის წევრებს ჰქონდათ შენიშვნები და ეს შეიძლება პარლამენტის სხდომაზეც აისახოს", - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია და უფრო დეტალური მსჯელობა სხდომაზე მოხდება.