“ვისოლ ჯგუფი” კონკურენციის სააგენტოს მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმაურება

“ვისოლ ჯგუფი” კონკურენციის სააგენტოს პასუხობს.

bpn.ge კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ვისოლ ჯგუფი” ყოველთვის მიესალმებოდა და მიესალმება ეკონომიკის ყველა სექტორში კონკურენტული ბიზნეს გარემოს არსებობას. ჯანსაღი კონკურენცია ის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, რომელიც ხელს გვიწყობს ვიყოთ მუდმივად მობილიზებულნი და წარმატებულად და ეფექტურად ვაკეთოთ ჩვენი საქმე. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ცალსახად მივესალმებით საქართველოში კონკურენციის სააგენტოს შექმნასა და მის ფუნქციონირებას. ყველა მეწარმე ვალდებულია ითანამშრომლოს ამ უწყებასთან და დაიცვას საქართველოს „კონკურენციის შესახებ“ კანონით დადგენილი მოთხოვნები.

რაც შეეხება კონკურენციის სააგენტოს მიერ “ვისოლ პეტროლიუმის” მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, გვსურს განვაცხადოთ, რომ ჩვენ არ დაგვირღვევია „კონკურენციის შესახებ“ კანონის არცერთი მოთხოვნა. გადაწყვეტილების გამოტანამდე ამ საქმეზე 2015 წლის 8 ივლისს კონკურენციის სააგენტოში ჩატარდა შემაჯამებელი სხდომა ყველა მხარის მონაწილეობით, სადაც ჩვენ სააგენტოს წარვუდგინეთ ჩვენი არგუმენტირებული, პროფესიული და ობიექტური პოზიცია გადაწყვეტილების პროექტში ასახულ მათ მოსაზრებებთან დაკავშირებით.

ჩვენდა სამწუხაროდ, სააგენტომ არ გაიზიარა არცერთი ჩვენი ობიექტური არგუმენტი და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ნეგატიურად შეაფასა ჩვენი საქმიანობა „კონკურენციის შესახებ“ კანონთან მიმართებაში. ვაფიქსირებთ, რომ არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებაში მოყვანილ მოსაზრებებს და, ბუნებრივია, შევეცდებით ჩვენი სიმართლის დამტკიცებას ჩვენდამი კანონით მონიჭებული გზებით," - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, კონკურენციის სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევის თანახმად, 2008-2014 წლებში, საწვავის სასაქონლო ბაზარზე ირღვეოდა კონკურნეციის დაცვის პრინციპები და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. შედეგად, კონკურენციის სააგენტომ სამართალდამრღვევ ეკონომიკურ აგენტებს დააკისრა ჯარიმა დაახლოებით, 55 მილიონი ლარის ოდენობით. უფრო კონკრეტულად კი, ეკონომიკურ აგენტებს დააკისრათ ჯარიმა შემდეგი ოდენობით - "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი" 14 381 385 ლარი, "სან პეტროლიუმ ჯორჯია" 11 267 384 ლარი, "რომპეტროლ საქართველო" 10 845 806 ლარი, "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" 10 426 393 ლარი, "ლუკოილ-ჯორჯია" 4 740 260, "L ოილი" 1 209 890 ლარი, ასევე 200-200 ლარით დაჯარიმდნენ - შპს "აარონი", "პარტნიორი ბათუმი", "ტრანს სერვისი", "ენ სერვისი", "დიდუბე 2009", ი/მ სარიდონ ჯიჯეიშვილი, შპს "MG", "აჭარა პარტნიორი", "პარტნიორი 2010", "პარტნიორი", "ჯი პლიუსი", შპს "T4", "რომ კომპანი" , შპს "გიგო", "ნორექსი", "სტ ოილი", "საბ პერტოლი", "ლ&მ", "ქსილისი", "იბერკომპანი პეტროლიუმი", "ჯეო სერვისი", "ბრენდ ოილი".