საგზაო მონაკვეთები თბილისის მუნიციპალიტეტში, სადაც ავტომობილით გადაადგილებისთვის ზამთრის საბურავები სავალდებულოა

ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

ამასთან, ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.

აღსანიშნავია, რომ საგზაო მონაკვეთებს შორის, სადაც ზამთრის პერიოდში მოძრავი ავტომობილებისთვის ზამთრის საბურავები სავალდებულოა, თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გზის ცალკეული მონაკვეთებიც მოხვდა.

კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის საგზაო მონაკვეთები, სადაც ზამთრის საბურავები სავალდებულოა, არის:

  • ზაჰესი-რუსთავის (1-49 კმ) საგზაო მონაკვეთი;
  • თბილისი (გლდანი)-თიანეთის (1-60 კმ) საგზაო მონაკვეთი;
  • თბილისი (პანტიანი)-მანგლისის (1-32 კმ) საგზაო მონაკვეთი;
  • წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი (1400 მ).

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი;

საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს:

- არანაკლებ 3 მმ. − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3);

- არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);

  • საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;
  • საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა;
  • ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო - ფიფქი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ იმ შემთხვევაში თუ ზამთრის საბურავი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია პირს აუკრძალოს დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა.

ცნობისთვის, ზამთრის საბურავის (საჭიროების და შს სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში ასევე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის) მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.