რუსეთმა საავტომობილო ბენზინის ექსპორტის აკრძალვა ექვსი თვით გაახანგრძლივა

რუსეთის მთავრობამ 1-ლი მარტიდან არამწარმოებლებისთვის საავტომობილო ბენზინის ექსპორტის აკრძალვა ექვსი თვით გაახანგრძლივა.

ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აკრძალვის გაგრძელება 20 თებერვალს, ვიცეპრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან ნავთობპროდუქტების საკითხებზე შექმნილი შტაბის შეხვედრაზე დამტკიცდა.

რაც შეეხება მწარმოებლებს, თებერვლის დასაწყისში ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახური მათთვისაც ბენზინის ექსპორტის ერთი თვით აკრძალვის წინადადებით გამოვიდა. ნოვაკი ანტიმონოპოლიურს დაჰპირდა, რომ ამ ინიციატივაზე იმუშავებდა.

10-დან 14 თებერვლამდე პერიოდში სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის საბითუმო ფასები დაეცა. ეს იმ ფონზე მოხდა, რაც დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სამუშაოს აღდგენისა და ბენზინის ექსპორტის შესაძლო აკრძალვის შესახებ ახალმა ამბებმა მყიდველები დაამშვიდა.

ცნობისთვის: იანვრის ბოლოს რუსეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება რუსეთიდან საავტომობილო ბენზინის ექსპორტის აკრძალვის 28 თებერვლამდე გახანგრძლივების შესახებ, რაშიც გამონაკლისი მხოლოდ ნავთობპროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს მიენიჭა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ