ნინოწმინდას განახლებული ნაგავსაყრელი ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება.

სამინისტროს ინფორმაციით, "მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ" ნინოწმინდაში ნაგავსაყრელის მშენებლობა დაასრულა. ჩატარებული სამუშაოები დღეს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. სამინისტროს ინფორმაციით, პოლიგონის ტერიტორია 7269 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, სადაც ყოველდღიურად ნინოწმინდიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან 11.6 მ3 ნარჩენი შედის.

"ნინოწმინდის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას" საკუთრებაში 2013 წლის 14 ივნისს გადაეცა. იმ დროისთვის ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ნარჩენების შეტანა არაორგანიზებულად ხდებოდა და ის ვერც ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს აკმაყოფილებდა. "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ," სამუშაოები პოლიგონის ოპერირებაში გადაცემისთანავე დაიწყო", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, პროექტის ფარგლებში წყალარინების არხები და მიწის კავალიერები მოეწყო. ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით, შემოიღობა ნაგავსაყრელის ტერიტორია, ნარჩენები საიზოლაციო ფენით გადაიფარა, განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი და ამკრძალავი ნიშნები. ასევე, მოხდა ობიექტის ელექტრიფიცირება. ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტის ღირებულებამ 317 596 ლარი შეადგინა.