ყაზახეთი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტის ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებს - რა შესაძლებლობა ეძლევა საქართველოს

ყაზახეთი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტის ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებს. ამის შესახებ ინფორმაციას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ყაზახეთის მიერ უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილება ნავთობის ეტაპობრივად დივერსიფიცირების შესახებ, უდავოდ აძლევს საქართველოს დამატებითი ნავთობნაკადის მოზიდვის და სანავთობო ინფრასტრუქტურის დატვირთვის შესაძლებლობას.

ანალიზში მოყვანილია კონკრეტული ფაქტები, რომელიც ყაზახეთის მიერ დამატებითი მარშრუტების მოძიების წინაპირობა გახდა.

კერძოდ, როგორც ცნობილია, 17 თებერვალს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა, კასპიის მილსადენის კონსორციუმის CPC ნავთობის სატუმბი სადგური, რამაც, სპეციალისტების ვარაუდით, შესაძლოა ყაზახეთიდან ნავთობის ტრანსპორტირება 30%- ით შეამციროს, ხოლო სადგურის შეკეთებას 2 თვე დასჭირდება.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი განმარტავს, რომ 2022 წელს უკრაინასთან საომარი მოქმედებების შედეგად, რუსეთზე გამავალი მილსადენი, სხვადასხვა მიზეზების გამო, სამჯერ გაჩერდა, ერთ-ერთი მიზეზი კი ზღვაში მცურავი ნაღმები იყო, რის გამოც ყაზახეთი ყოველდღიურად 43 მლნ დოლარით ზარალობდა. ფაქტობრივად დარღვეული იყო ნავთობის უსაფრთხოდ ტრანსპორტირების პირობები.

ამასთან, როგორც ცნობილია, თენგიზ-ნოვოროსიისკის 1511 კმ CPC მილსადენის სისტემით, ყაზახეთი ახორციელებს მსოფლიო ბაზრებზე, ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას. მონაცემების თანახმად, 2024 წელს CPC მილსადენით 63.0 მლნ ტონა ნავთობი გატარდა, რომელიც 584 ნავთობის ტანკერში იქნა გადატვირთული. 63.0 მლნ ტონიდან 55.0 მლნ ტონა 87% ყაზახური წარმოშობისაა. 2022 წელს მილსადენის სისტემით 64.3 მლნ ტონა, ხოლო 2023 წელს 63.5 მლნ ტონაა გატარებული. მონაცემების თანახმად, 2024 წელს CPC ს მილსადენით ყველაზე დიდი მოცულობის ნავთობი გატარებული იყო თენგიზის საბადოდან 27 მლნ ტონა, კარაჩაგანაკის საბადოდან – 10 მლნ ტონა და კაშაგანის საბადოდან 17.2 მლნ ტონა.

სატრანსპორტო დერეფნის ცენტრი განმარტავს, რომ ნავთობის ტრანსპორტირების მიმართულებით, წარმოქმნილმა პრობლემებმა ბიძგი მისცა ყაზახეთის პრეზიდენტს, ოფიციალურად დაეანონსებინა ნავთობის გადაზიდვების, მარშრუტების დივერსიფიცირების აუცილებლობის შესახებ. შესაბამისად, ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება ყაზახეთის ნავთობის ექსპორტიდან 20 მლნ ტონის, კასპიის ზღვაზე, აქტაუს და კურიკის ნავსადგურებით ეტაპობრივად გადმორთვის შესახებ.

„ყაზახური ნავთობის 20 მლნ ტონის გადმორთვა განხორციელდება ეტაპობრივად 2025-2030 წლებში. 5 მლნ ტონა რკინიგზით გადაიზიდება ბაქო-ბათუმის მიმართულებით, 5 მლნ ტონა – ბაქო-სუფსის მილსადენით, 5 მლნ ტონა – ბაქო- თბილისი- ჯეიხანის მილსადენით, დარჩენილი – 5 მლნ ტონა – ირანის ნავსადგურების მიმართულებით SWOP სისტემის გამოყენებით.

რუსეთზე გამავალი CPC მილსადენი ნავთობის გადაზიდვის ლოგისტიკით და საფასო მდგენელით უალტერნატივოა, მილსადენის დაუბრკოლებლივი ფუნქციონირებით ფინანსურად დაინტერესებულია არამარტო ყაზახეთი ასევე კონსორციუმში ჩართული სხვა უცხოელი მოთამაშეებიც. რაც ართულებს ნავთობნაკადის გადმორთვის შესაძლებლობას. 2022 წელს ყაზახეთმა დივიდენდის სახით – 830 მლნ დოლარი მიიღო.

მიუხედავად ამისა, ყაზახეთის მიერ უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილება ნავთობის ეტაპობრივად დივერსიფიცირების შესახებ, უდაოდ აძლევს საქართველოს დამატებითი ნავთობნაკადის მოზიდვის და სანავთობო ინფრასტრუქტურის დატვირთვის შესაძლებლობას.

2023 წელს გადაიდგა პირველი ნაბიჯი, როდესაც აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის ხელი მოეწერა აქტაუ – ბაქოს მიმართულებით 3 მლნ ტონა ყაზახური ნავთობის გადაზიდვის ხელშეკრულებას, საიდანაც 1.5 მლნ ტონა ბაქო – თბილისი – ჯეიხანის მილსადენით, 1.5 მლნ ტონა – რკინიგზით, ბათუმის ნავსადგურის გამოყენებით გადაიზიდება“,- აღნიშნულია კვლევაში.

მიუხედავად ყაზახეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული დაპირებისა, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი განმარტავს, რომ გასაანალიზირებელია საქართველოს მიმართულებით ნავთობის გადმორთვის სირთულეები. ამ მხრივ კი, ძირითადი პრობლემა ტრანსპორტირების ღირებულებაა.

„გადაზიდვის ტარიფები და ლოგისტიკა – CPC მილსადენით თენგიზის საბადოდან ნოვოროსიისკის ნავსადგურამდე ნავთობის მიწოდების ღირებულება ტონაზე – 38 დოლარია, შედარებისათვის, ბაქო – თბილისი – ჯეიხანის მილსადენით (ჯეიხანამდე) – ტონაზე 90 დოლარია, საქართველოს და აზერბაიჯანის რკინიგზების გამოყენებით, ბათუმამდე – ტონაზე 92 დოლარია, რაც (2.4 ჯერ ძვირია). ბუნებრივია, ტარიფებით, საგრძნობი მიმზიდველობა რუსეთზე გამავალ მილსადენს გააჩნია.

მეორე დაბრკოლება, კონსორციუმში შემავალი კომპანიების სიმრავლე და არაერთგვაროვნებაა, რომლებსაც საკუთარი ინტერესები გააჩნიათ. CPC აქციონერები არიან – Chevron (აშშ) – 15 %, LukArco (რუსეთი) – 12,5 %, Rosneft – Shell (რუსეთი – ჰოლანდია) – 7,5 %, Mobil (აშშ) – 7,5 %, Agip (იტალია) – 2 %, British Gas (დიდი ბრიტანეთი) – 2 %, Kazakhstan pipeline (ყაზახეთი – აშშ) – 1,75 %. სახელმწიფოთა კონტროლის ქვეშ აქციები გააჩნიათ – რუსეთს – 24 %, ყაზახეთს – 19 %, ომანს – 7 %. ტრანსკასპიური მიმართულებით 20 მლნ ტონა ნავთობის გადმორთვა, ინფრასტრუქტურულ და ლოგისტიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგანაც, ნავთობის მოპოვების – თენგიზის და ატირაუს საბადოებიდან, ნავთობი რკინიგზით უნდა მიეწოდოს აქტაუს ნავსადგურის რეზერვუარებს, ჩაიტვირთოს რეზერვუარებში, შემდგომ რეზერვუარიდან მიეწოდოს ნავმისადგომს და გადაიტვირთოს ტანკერებში, გადაიზიდოს კასპიის ზღვაზე, ბაქოშიც ანალოგიურად გადმოიტვირთოს ტანკერებიდან რეზერვუარებში და რეზერვუარებიდან შემდგომ, ან რკინიგზით ბათუმის მიმართულებით ან ბაქო თბილისი ჯეიხანის მილსადენში.

ორივე შემთხვევაში ლოგისტიკური ჯაჭვი სირთულით ხასიათდება. ნავთობის მოპოვების საბადოდან ესკენე – კურიკის მილსადენის აშენების პირობებში ლოგისიკური ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება, სწორედ ამ თვალსაზრისით აღნიშნული პროექტი განიხილება პერსპექტიულად.

დასკვნის სახით – უსაფრთხოების, ლოგისტიკური და საფასო პირობების გათვალისწინებით, რადგანაც ცენტრალური აზიიდან მსოფლიო ბაზრებზე ნავთობნაკადის ექსპორტის 70 – 80 % აპრობირებული რუსეთის „იაფი“ სამილსადენო და სარკინიგზო ქსელით ხორციელდება, ტრანსკასპიური დერეფნით ნავთობნაკადის ნაწილის ეტაპობრივი გადმორთვა, მხოლოდ გრძელვადიან (8 – 10 წელი) ჭრილშია შესაძლებელი“,- აღნიშნულია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ანალიზში.

ნინი ქეთელაური