„ქართული ოცნების“ 89 დეპუტატმა იანვარ-თებერვალში ბიუჯეტიდან 2.3 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, ხელფასების სახით,“ - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ბექა ლილუაშილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ერთ-ერთი ტელეკომპანია მათი პარტიის დისკრედიტაციას ცდილობს, რათა საზოგადოების შეცდომაში შეყვანით დააკნინოს პარტიის ფინანსური დამოუკიდებლობა და პრინციპული პოზიცია.
როგორც ბექა ლილუაშვილი აღნიშნავს, „გახარია საქართველოსთვის“ ერთადერთი ძალაა, რომელიც სრულად ფინანსდება მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ და არ არის დამოკიდებული ოლიგარქებზე, ბანკირებზე თუ მსხვილ ბიზნესჯგუფებზე".
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბიუჯეტიდან იღებს კოლოსალურ თანხებს. მათი დეპუტატების ხელფასები 2025 წლის იანვრიდან გაორმაგდა, რიგითი პარლამენტარის დარიცხული ხელფასი 11 500 ლარს შეადგენს, ხოლო 89-მა არალეგიტიმურმა დეპუტატმა მხოლოდ იანვარ-თებერვალში ბიუჯეტიდან 2.3 მილიონ ლარზე მეტი მიიღო ხელფასების სახით. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში საშუალო პენსია 360-400 ლარია.
ამავე დროს, „ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც ბიუჯეტიდან მილიონებს იღებენ, ხალხს ტყუილით, აგრესიული დეზინფორმაციითა და ანტისახელმწიფოებრივი ნარატივით უტევენ. ისინი ებრძვიან იმავე ქართველ ხალხს, ვინც ამ ბიუჯეტს ავსებს, რომ მერე სწორედ ამ ფულით ხელფასები ჩაიჯიბონ, ხელისუფლებამ კი კორუფციით გააგრძელოს მილიარდების მიტაცება.
მათთვის ქართველი ხალხი მხოლოდ გადასახადის გადამხდელია, რომლის ფულითაც: პოლიცია ყიდულობს ახალ-ახალ სპეციალურ საშუალებებს, რომ სწორედ ამ ხალხზე გამოიყენოს; მოძალადე სისტემის მსახურებს პრემიებს ურიცხავენ, რომ ისევ ქართველ ხალხს დაუპირისპირდნენ; ამავე ხალხის ფულით უკანონოდ ასამართლებენ მოქალაქეებს ჯიბის მოსამართლეებით, რომლებიც თავიანთ კომფორტულ ცხოვრებას სწორედ ამ ბიუჯეტით იწყობენ.
ჩვენ მხოლოდ ქართველი ხალხის დაკვეთას ვასრულებთ და ამას ვერ შეცვლის ვერც ეს პროპაგანდა, ვერც მათი შავი ფული, ვერც მათი ძალადობრივი მანქანა," - წერს ბექა ლილუაშვილი.