"ონის ჰესების კასკადის" და "მტკვარი ჰესის" პროექტებზე მემორანდუმები გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ კომპანია "ფერისთან" "ონის ჰესების კასკადის" მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი დღეს, სასტუმრო '"რედისონში" გააფორმა.

დღესვე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს "მტკვარი ჰესის" პროექტის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ; თავის მხრივ, საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა და კომპანია "ფერიმ" ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს ონის ჰესების კასკადის პროექტის ერთობლივ განხორციელებასა და "მტკვარი ჰესის" პროექტის ფარგლებში გვირაბის მშენებლობის თაობაზე.

ონის ჰესების კასკადი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე აშენდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $330 მლნ ამერიკულ დოლარს უტოლდება. ჯამური დადგმული სიმძლავრე 177.2 მგვტ-ია, ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 789 მლნ კვტ.სთ. ჰესების კასკადის მშენებლობის პერიოდი 6 წლით განისაზღვრა. პროექტში ინვესტიციას ახორციელებენ: შპს "ფერი", საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და კომპანია "რობინსი" (Robbins Company). "მტკვარი ჰესის" პროექტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე ხორციელდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $113 მლნ ამერიკულ დოლარს უტოლდება. ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 255 მლნ კვტ.სთ. "მტკვარი ჰესის" ექსპლუატაციაში შესვლა 3 წელიწადში იგეგმება. პროექტში ინვესტიციას საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს.

როგორც ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, მისი გუნდის, ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომ საქართველოში ბიზნესი გახდეს მაქსიმალურად თავისუფალი, მოტივირებული და მონაწილე ქვეყნის გაძლიერებაში. "წარმატებული ბიზნეს პროექტები, პროგრესის და საერთო დოვლათის შექმნის საწინდარია. ქვეყნის წინსვლა დამოკიდებულია ეკონომიკის განვითარებაზე, ბიზნესის ხელშეწყობასა და უცხოური ინვესტიციების ზრდაზე სხვადასხვა სექტორში. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საქართველო უფრო მიმზიდველი გავხადოთ ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და დასაქმებას. მოგეხსენებათ, საქართველო მდიდარია ჰიდროენერგეტიკული რესურსებით. მათი გამოყენების პერსპექტივა კი ეკონომიკურად გამართლებული, მიზანშეწონილი და რეალურია. საქართველოში არსებული ელექტროენერგიის მაღალი გამომუშავების პოტენციალი და რეგიონში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა ენერგო სექტორს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველს ხდის ინვესტორებისათვის. ქვეყნაში დაგეგმილია ენერგეტიკული რესურსების ოპტიმალური ათვისება, ამიტომ სამინისტრო აქტიურად ახორციელებს ინვესტიციების მოზიდვას. დღევანდელი დღე ჩვენი ძალისხმევის კიდევ ერთი მაგალითია", - განაცხადა კალაძემ.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს ენერგოსექტორისთვის მნიშვნელოვანი დღეა.  მისი თქმით, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმებს "ონის ჰესების კასკადის" და "მტკვარი ჰესის" პროექტებთან დაკავშირებით.  "ონის ჰესების კასკადი" ფონდისთვის მორიგი ინვესტიციაა ენერგეტიკის მიმართულებით. ინვესტირების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დადებითი ფაქტორით იყო განპირობებული. მათ შორის, საქართველოს სწრაფად მზარდი ელექტროენერგიის მოხმარების ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მსგავსი პროექტების განხორციელება. აღსანიშნავია, რომ პროექტის შეცვლილი დიზაინი მინიმალურ გავლენას მოახდენს რეგიონის ბუნებაზე. ინვესტიციის შედეგად დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და ყოველწლიურად ადგილობრივ ბიუჯეტში შევა მილიონობით ლარი. პროექტზე თანამშრომლობა შემოთავაზებულ იქნა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქართული სამშენებლო კომპანიის, შპს "ფერის" მიერ, რომელსაც განხორციელებული აქვს მრავალი წარმატებული პროექტი. მათ მოახერხეს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების კომპანიის შექმნა და პროექტში მსოფლიოში წამყვანი ამერიკული კომპანიის, "რობინსის" (Robbins Company) ჩართვა, რომელიც აწარმოებს მანქანა-დანადგარებს კომპლექსური მიწისქვეშა სამშენებლო სამუშაოებისთვის. კომპანია "რობინსი" პროექტში არამარტო სამშენებლო სამუშაოების შემსრულებლად, არამედ პროექტის ინვესტორადაც გვევლინება. ეს ის შემთხვევაა, როცა პროექტის მაღალი ხარისხით და წარმატებით განხორციელება გარანტირებულია. რაც შეეხება "მტკვარი ჰესის" პროექტს, განახლდა მთავრობასთან არსებული ურთიერთგაგების მემორანდუმი რაც მშენებლობის აქტიურ ფაზაზე გადასვლის წინაპირობაა. ორივე პროექტი ჯამში $443 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიციის განხორციელებას და დამატებით 230 მგვტ. დადგმული სიმძლავრის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტები საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს",''- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

კომპანია "ფერის" აღმასრულებელი დირექტორის, ლაშა იორდანიშვილის განცხადებით, "ონის ჰესების კასკადი ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროექტია. მისივე ინფორმაციით, მშენებლობა მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება, როგორც კი წინასაპროექტო კვლევების ანგარიში დასრულდება და შესაბამისი უწყებებიდან ნებართვა გაიცემა. '' პროექტის მშენებლობის დასრულებას 2021 წელს ვვარაუდობთ. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ საქართველოში დღეს არსებულ მომუშავე ჰიდროელექტროსადგურებში ონის კასკადი თავისი დადგმული სიმძლავრის სიდიდით მეოთხე იქნება, ხოლო მისი გამომუშავებული ენერგია საქართველოს ენერგომოხმარების 8%-ს შეადგენს. უდიდესი ენერგეტიკული მნიშვნელობის გარდა ამ პროექტის განხორციელებას ასევე დიდი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული დატვირთვაც გააჩნია. ქვეყნის და ასევე ადგილობრივი ბიუჯეტი მიიღებს საკმაოდ სოლიდურ თანხას. ამავე დროს შეიქმნება რამდენიმე ასეული ადგილობრივისთვის მრავალწლიანი და მუდმივი სამუშაო ადგილი. პროექტის ფარგლებში მოხდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით სხვადასხვა სოციალური პროექტის წამოწყება და შემდგომი განვითარება", - განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა.