დიმიტრი ქუმსიშვილმა სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ანგარიში წარადგინა

თბილისის ვიცე მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ანგარიში წარადგინა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის ბიუჯეტში ამ დროისთვის არსებული და უკვე გადანაწილებული თანხების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და აღდგენითი სამუშაობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტში 15 959 000 ლარია გადანაწილებული, აღნიშნული თანხიდან 12 007 000 მობილიზებულია ცენტრალური ბიუჯეტიდან, 2 441 000 ლარი მერიამ შიდა რესურსების გადანაწილებით მიიღო, ხოლო კერძო სექტორიდან მობილიზებული 1 511 000 ლარითა და სხვა საბიუჯეტო რესურსებით გამგეობები დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებისა და ეზოების შეკეთებას უზრუნველყოფენ.

"მინდა აღვნიშნო, რომ სტიქიის შედეგად ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმართვისთვის თანხები გამოიყოფა ბიუჯეტიდან და აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან. უკვე დაწყებულია საპროექტო სამუშაოები ამირეჯიბის ქუჩის აღსადგენად. მათ შორის, უსაფრთხოების ზომების გასატარებლად, რათა სექტემბრის ბოლომდე მოხდეს გზის გახსნა და ქალაქი სერიოზულ სატრანსპორტო პრობლემებს ავარიდოთ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.