„გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები - ეკონომიკური კრიზისის ხელვნურად გამოწვევის გეგმა ჩავარდა,“ - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„დასაქმების კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები. „საქსტატმა“ შეაჯამა გასული წლის მე-4 კვარტალის მონაცემები, რომლის თანახმადაც, წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, დაქირავებულთა რაოდენობა გაიზარდა 20 100 კაცით და მიაღწია 978 500 ადამიანს; თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 19 700-ით და 433 500 ადამიანი შეადგინა; ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 14 700 კაცით.
ზოგადად, გასული 3 წლის განმავლობაში გვქონდა ძალიან კარგი ზრდა დასაქმების კუთხით. მთლიანად დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწია 1 412 500 ადამიანს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არის რეკორდული მაჩვენებელი. მხოლოდ ბოლო 3 წელიწადში დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა 195 ათასი ადამიანით. შესაბამისად, ჩვენი ამბიციური მიზანი, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შევქმნათ, არის აბსოლუტურად რეალისტური და მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.
საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ასევე ძალიან კარგი მაჩვენებლები გვაქვს. იანვარში საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 39,3%-ით,, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, იანვრის დაზუსტებული მონაცემები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ წინასწარი შეფასებით შეიძლება ითქვას, რომ ორნიშნასთან საკმაოდ ახლოს იქნება. დაველოდოთ დაზუსტებულ მონაცემებს.
ჩვენ ვხედავდით რომ გარკვეულ სუბიექტებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, საქართველოში ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნის/გამოწვევის გეგმა ჰქონდათ, მაგრამ როგორც ვხედავთ ეს გეგმა ჩავარდა, რადგან ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები,“ - განაცხადა კობახიძემ.