გუდაურსა და ბაკურიანში სამთო ველობილიკების მოწყობა დაიწყო

გუდაურსა და ბაკურიანში სამთო ველობილიკების მოწყობა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ორგანიზებით, სლოვენიურმა კომპანია ,,ალიანსმა" გუდაურსა და ბაკურიანში ველოპარკის მშენებლობა დაიწყო. სამთო ველობილიკის 1000 მეტრიანი მონაკვეთი გუდაურში უკვე გაჭრილია, საბოლოო სიგრძე 4790 მეტრი იქნება.

ველოპარკის მშენებლობა გონდოლას ზედა სადგურიდან დაიწყო და ქვედა სადგურამდე გაგრძელდება. ბაკურიანში კი მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება. ველოპარკის მოწყობის მნიშვნელობაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ისაუბრა. "პირველად საქართველოში სამთო ველობილიკების მოწყობა დაიწყო. ამ პროექტის მიზანია ბაკურიანსა და გუდაურში დამატებითი ტურისტული პროდუქტის შექმნა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კურორტებზე სეზონურობის გახანგრძლივებას. სამთო ველობილიკების მოწყობა ორივე კურორტზე ძალიან მალე დასრულდება, რაც საშუალებას მოგვცემს ზაფხულის სეზონზეც დაიტვირთოს მთაც და არსებული მძიმე ინფრასტრუქტურაც (საბაგიროები, საკვები ობიექტები და სხვა). აღსანიშნავია, რომ ველობილიკი არ გადაკვეთს სასრიალო ტრასებს, ველობილიკებზე გადაადგილება იქნება უსაფრთხო და ის სრულად დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ბოლო პერიოდში საქართველოში ექსტრემალური ტურიზმის მიმართულება სულ უფრო პოპულარული ხდება, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, რამდენიმე ველოტურნირი გაიმართა. ვფიქრობ, რომ ექსტრემალური ტურიზმის ერთ-ერთი პოპულარული სახეობის, სამთო ველოტურიზმის განვითარება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას საქართველოში", -აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.