"საქართველოში სოფლის მეურნეობის დაზღვევის ეროვნული პროგრამის" კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, "საქართველოში სოფლის მეურნეობის დაზღვევის ეროვნული პროგრამის" კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. მათივე ცნობით, საქართველოში აგროდაზღვევის პოტენციალისა და შესაძლებლობების კვლევა და აგროდაზღვევის კონცეფციის შემუშავება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკს (KWF) შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში კომპანიამ BFC (Buisiness and finance Consulting) განახორციელა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ კონცეფციის შემუშავებაში ჩართული სტრუქტურების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. "ჩვენ მიერ განხორციელებული აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამის კვლევის ანალიზი, ასევე, ამ მიმართულებით საქართველოს პოტენციალისა და შესაძლებლობების კვლევა გვაძლევს საფუძველს, რომ აგროდაზღვევის კონცეფციის საბოლოო დოკუმენტი მისაღები იქნება როგორც ფერმერებისა და მეწარმეებისთვის, ასევე სადაზღვევო კომპანიებისა და საფინანსო ინსტიტუტებისთვის", - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

საქართველოში აგროდაზღვევის პოტენციალისა და შესაძლებლობების კვლევის მიმოხილვა BFC -ის სოფლის მეურნეობის ფინანსების დარგში მმართველმა დირექტორმა და პროექტის მენეჯერმა მაიკლ კორტენბუშმა წარმოადგინა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ კი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში აგროდაზღვევის კომპონენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, აგრარული კომიტეტის, აგარარული დარგის ასოციაციების, სადაზღვევო ასოციაციის, სადაზღვევო კომპანიებისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა.