ქართული ფქვილი აზიასა და აფრიკაში ექსპორტზე გავიდა

კომპანია „ჯეომილმა“, რომელიც ლილოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ წისქვილკომბინატს ფლობს, ერაყსა და ტუნისში ფქვილი რეალიზაციისთვის გაიტანა.

როგორც მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ bpn-ს განუცხადა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ფქვილი აზიასა და აფრიკაში ექსპორტზე გავიდა.

„მართალია, „ჯეომილს“ ჯერ დიდი რაოდენობით ფქვილი არ გააქვს, თუმცა საკმაოდ კარგად მუშაობენ. თავისუფლად შეუძლიათ, თურქულ კომპანიებს კონკურენცია გაუწიონ, რომლებსაც ეს ბაზრები დიდი ხანია, ათვისებული აქვთ“, - განაცხადა სილაგავამ.

„ჯეომილი“ 2010 წელს დაფუძნდა, რომლის 25%-ს ინდოელი ინვესტორი, პარინ რაჯანიკანტ კაპასი ფლობს, თუმცა ძირითადი წილი - 65% ოფშორში დარეგისტრირებულ კომპნიას ეკუთვნის.

ფქვილის მთლიანი ექსპორტის მოცულობა საქართველოდან 2014 წელს მხოლოდ 345 ათასი დოლარით განისაზღვრებოდა. წელს კი 5 თვეში 1,2 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

ბელა ნოზაძე