თამაზ მეჭიაური: თივის ზვინზე ცელქი ბავშვივით მჯდომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ხელიდან ასანთს ვართმევთ

თივის ზვინზე მჯდომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომელიც ცელქი ბავშვივით ზის და ხელში ასანთი უჭირავს, ამ ასანთს ვართმევთ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას გააკეთა.

დეპუტატმა აქვე აღნიშნა ისიც, რომ ზვინიდან ის თავის დროზე ოპოზიციის მიერ მრავალჯერ გალანძღულმა ბიძინა ივანიშვილმა არ ჩამოსვა. მეჭიაური დარწმუნებულია, რომ "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით ეროვნული ბანკის საქმიანობა უფრო გამჭირვალე გახდება და იქნება უფრო ნდობით აღჭურვილი. მისივე თქმით, დაგეგმილი ცვლილებები უზრუნველყოფს იმას, რომ მიღებული იყოს არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ სახელმწიფოს ინტერესებით მოტივირებული გადაწყვეტილებები.

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით იმსჯელა. საკანონმდებლო პაკეტის მთავარი სიახლე ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გამოყოფაა.