ერთ თვეში ვაკანსიების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია საუბარია. კერძოდ, მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარში jobs.ge-ზე 6 130 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით, 23.5%-ით მეტია, თუმცა 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.1%-ით ნაკლებია.
ამასთან, 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის იანვრის ჩათვლით, გამოქვეყნდა 17 312 ვაკანსია, რაც 2023-2024 წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.1%-ით შემცირებული მაჩვენებელია. როგორც PMCG აღნიშნავს, ვაკანსიების საერთო რაოდენობის კლებაში ყველაზე დიდი გავლენა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიას ჰქონდა.
მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის იანვრის ჩათვლით, 3,664 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2023- 2024 წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამასთან, 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის იანვრის ჩათვლით, 2 708 ვაკანსია გამოქვეყნდა ლოჯისტიკა, ტრანსპორტი, დისტრიბუციის კატეგორიაში, რაც 2023-2024 წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7%-ით ნაკლებია.
PMCG-ის თანახმად, 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის იანვრის ჩათვლით, 3,912 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2023- 2024 წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.7%-ით ნაკლებია.