ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოების თანამშრომლები ტრენინგს გაივლიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო" ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში, სახელმწიფო საწარმოთა თანამშრომლებისათვის ტრენინგს მართავს.

ტრენინგი დღეს ქუთაისში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრში ჩატარდება.  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, ტრენინგის მიზანია საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოთა საქმიანობის, ფინანსური ანგარიშგების პროცესის სრულყოფა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

"ტრენინგი ორი მოდულისგან შედგება. პირველ მოდულში განხილული იქნება სახელმწიფო საწარმოთა მონაცემთა შეგროვების განახლებული ფორმა (Data Collection Template), წარმოდგენილი იქნება ინსტრუქცია მონაცემთა შეგროვების ფორმის შევსების შესახებ. ასევე განხორციელდება ფინანსური უწყისების შევსებისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზი. მეორე მოდული მოიცავს სახელმწიფო საწარმოთა საკუთრებაში რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესს, საწარმოთა რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის და საწარმოების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროცედურებს", - განმარტავენ ქონების ეროვნულ სააგენტოში.

ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში სააგენტო საწარმოთა თანამშრომლების ტრენინგების შემდეგი ეტაპის ჩატარებას აგვისტოს თვეში, თბილისში გეგმავს.