ვის ეკუთვნის TOP 10 კომპანია, რომელმაც ამერიკიდან ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა

2024 წელს ამერიკა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში ამერიკასთან ბრუნვამ 2.21 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რითაც აშშ საქართველოსთვის მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ამერიკასთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაცილებით მეტს ვყიდულობთ, ვიდრე ვყიდით. მაგალითად, მხოლოდ 2024 წელს ბრუნვაში 2.069 მილიარდი აშშ დოლარი იმპორტზე მოდიოდა, ქართული პროდუქციის ექსპორტის ღირებულება კი 132.6 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებდა.

გასულ წელს საქართველომ ამერიკაში ყველაზე მეტი ღირებულებით ფეროშენადნობები გაიტანა, კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ექსპორტზე გავიდა 90.1 მილიონი აშშ დოლარის 72 952 ტონა ფეროშენადნობები.

რაც შეეხება იმპორტს, ამ ნაწილში უდიდესი ადგილი ეკავა ავტომობილებს, კერძოდ, 2024 წელს ამერიკიდან საქართველოში შემოვიდა 1.9 მილიარდი აშშ დოლარის 152 529 ერთეული მსუბუქი ავტომობილი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ კომპანიებით, რომლებმაც 2024 წელს ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა აშშ-დან. საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის და სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, გთავაზობთ ვის ეკუთვნის აღნიშნული კომპანიები:

„აუტოპოისკ“-ი სამეწარმეო რეესტრში 2022 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილების მფლობელი ბელარუსის მოქალაქე სიარეი ახრამჩუკია.

სამეწარმეო რეესტრში 2017 წელს დარეგისტრირდა „ბი თუ ბი“. მონაცემების თანახმად, კომპანიის 100%-იან წილს ნინო გველესიანი ფლობს.

„გარაჟ შოპი“ რეესტრში 2017 წელს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი და მთლიანი წილების მესაკუთრე დანიელ გრიგორიანია.

2020 წელს დაფუძნებული „გლობალ აუტო იმპორტ“-ის მფლობელი მიხეილი ზღუდაძეა. ზღუდაძე თავად იკავებს დირექტორის პოსტსაც.

„ინდიგო“ რეესტრში 2019 წელს დარეგისტრირდა. მის დირექტორად მიხეილ ჭელიძე ფიქსირდება. კომპანიის წილებს სრულად შპს „მილანი“ ფლობს. თავის მხრივ „მილანი“ 2019 წელს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი, ისევე როგორ წილების მფლობელი ნიკოლოზ ეზუგბაიაა.

„კავკასიის ავტოიმპორტი“ 2004 წელს არის რეგისტრირებული. დირექტორი ალექსანდრე ვეკუაა, წილებს კი შემდეგი პირები ინაწილებენ: ლევან სურგულაძე - 27.9%, გიორგი სურგულაძე (ორმაგი მოქალაქე საქართველო/აშშ) - 34.875%, დავით გულაშვილი - 10% და გიორგი გულაშვილი - 27.225%.

„ქარექსპრესსი“ 2011 წელს არის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული. კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი შოთა ჟვანიაა.

„ნათს თაიმის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ტაჯიკეთის მოქალაქე ხურშედ ბაბაჯანოვაა.

„ფუდ თრეიდი 2022“-ის დირექტორი ალექსანდრე ზაკალაშვილია, წილებს კი შემდეგი პირები ინაწილებენ: გიორგი ჟორდანია (25%), ეკატერინე ერისთავი (5%), ლევან კაჭარავა (33%), ლევან ჭიორელი (32%) და ალექსანდრე ზაკალაშვილი (5%).

„ქარსინდიგო გე“ რეესტრში 2024 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი და მესაკუთრე გიორგი ბეჭვაია.

შენიშვნა: იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის იანვარში იმპორტში პირველ ადგილზე ავტომობილები სურათებმა და ნახატებმა ჩაანაცვლა. უფრო კონკრეტულად, მხოლოდ იანვარში ქვეყანაში შემოვიდა 227 958 440 აშშ დოლარის 5.24 ტონა სურათები, ნახატები და პასტელები.

ამასთანავე, ამავე პერიოდში აშშ-მ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზე გადაინაცვლა, რაც განპირობებული იყო აშშ-დან განხორციელებული სურათებისა და ნახატების ღირებულებით.

მერი ტაბატაძე