აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე 25%-იანი ტარიფები 4 მარტიდან ამოქმედდება, ხოლო ჩინურ საქონელზე დამატებითი გადასახადი იმ 10%-იან ტარიფს დაემატება, რომელიც 4 თებერვლიდან შევიდა ძალაში.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ტრამპი ტარიფების დაწესების მთავარ მიზეზად ამ ქვეყნებიდან აშშ-ში ნარკოტიკების შედინებას ასახელებს.
პრეზიდენტის თქმით, ამ ქვეყნების მხრიდან შეერთებულ შტატებში ფენტანილის ნაკადის შეზღუდვა მისმა ადმინისტრაციამ არასაკმარის პროგრესად შეაფასა.
Reuters-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ადმინისტრაცია ჩინეთთან, მექსიკასა და კანადასთან დისკუსიებს განაგრძობს და მიგრაციის კონტროლის კარგ დონეს მიაღწია, თუმცა „ფენტანილთან დაკავშირებული სიკვდილიანობის პრობლემა კვლავ შემაშფოთებელია.”
მოამზადა ლადო სულაბერიძემ